უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში ოპერაციის შედეგად, რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მცირე სადესანტო გემები დაზიანდა. უკრაინის დაზვერვის სამსახური ტელეგრამ-არხზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც საზღვაო დრონის მიერ ერთ-ერთ გემზე იერიშია ასახული.
უკრაინული მხარის განმარტებით, თავდასხმის შედეგად, პროექტ 11770-ის (სერნას ტიპის) ორი გემი დაზიანდა. ამავე ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟი იმყოფებოდა, ხოლო გემებზე ჯავშანტექნიკაც იყო განთავსებული.
დასავლეთ ყირიმის დასახლება ჩერნომორსკთან რუსულ გემებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსული ტელეგრამ-არხ Rybar-ზეც ვრცელდება. მათი მტკიცებით, უკრაინამ იერიში რაკეტებით მიიტანა, თუმცა, ისინი ყაზარმას არ მოხვედრია და მსხვერპლიც არ ყოფილა. Rybar-ასევე წერს, რომ პარალელურად ყურეში ოთხი საზღვაო დრონი შევიდა, რომელთა სამიზნე რუსული შავი ზღვის ფლოტის იქ განთავსებული გემები იყო. გემების დაზიანების შესახებ ტელეგრამ-არხი ინფორმაციას არ ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამით ყირიმის თავზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. რუსული ტელეგრამ-არხ Baza-ს ცნობით კი, ისინი თავს ნავთობის საცავს დაესხნენ.