ჩრდილოვანი ანუ დაუკვირვებადი ეკონომიკა, საქსტატის შეფასებით, 2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით ეკონომიკის 13.6%-ს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. საქსტატის თანახმად, 2010 წელს დაუკვირვებადი ეკონომიკა მშპ-ის 23.1% იყო, 2015 წელს ის 13.6%-მდე შემცირდა, რის შემდეგაც ის 12%-13%-ის ფარგლებში მერყეობს.
სექტორულად აღურიცხავ ეკონომიკურ საქმიანობას ყველაზე დიდი წილი განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის სექტორში აქვს. აქ შედის როგორც სასტუმროს სერვისები, ასევე ბინების მოკლევადიანი გაქირავებები და სხვა, ამ სექტორში ბრუნვის 51.6% სწორედ დაუკვირვებად ეკონომიკაზე მოდის.
სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი გვიხსნის, რომ ეს პრობლემა წლებია დგას და მიზეზი ძირითად შემთხვევაში მაღალი კომუნალური გადასახადების თავის არიდებაა.
“ეს არის, პირველ რიგში, კომუნალური გადასახადების გამო, რაც პირდაპირ მიბმულია იურიდიული პირის სტატუსთან. მას შემდეგ, როგორც კი იურიდიულ პირად დარეგისტრირდება ობიექტი, კომუნალური გადასახადები იმატებს: წყალი ათჯერ, დენი სამჯერ, გაზი ორჯერ და ასე შემდეგ.
შესაბამისად, დღესაც ძალიან ბევრს და რეგიონებში არსებული გესტჰაუსების თითქმის, 90%-ს ურჩევნია, ჩვეულებრივად იმუშაოს, როგორც ფიზიკურმა პირმა და არანაირი, შპს არ დაარეგისტრიროს და შპს-ს გადასახადი არ გადაიხადოს, რაზეც ამ ხალხს ვეთანხმები.
რამდენიმე შეხვედრა გვქონდა სემეკთანაც, ფინანსთა სამინისტროშიც, რომ მცირე ზომის ობიექტებისთვის გამონაკლისი დაშვებულიყო. მაგალითად, მათ ვისაც 8-10 ნომრამდე ობიექტები აქვთ, ჰქონოდათ შესაძლებლობა, კომუნალური სერვისები ფიზიკური პირების ტარიფებით მიეღოთ, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდა. შესაბამისად, დღესაც როგორც კი იურიდიულ პირად დარეგისტრირდება ობიექტი, უწევს იურიდიული პირის კომუნალური გადასახადები გადაიხადოს. შესაბამისად, ამას უკვე აზრი ეკარგება და ყველა მუშაობს ფიზიკური პირის სტატუსით, რაც სტატისტიკაშია ასახული,”- ამბობს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.
bm.ge
