გოტა ჭანტურია: კადაფიც ამბობდა, რომ თანაგრძნობა არ უნდა გქონდეს

„ირაკლი კობახიძის ეს განცხადება არის მცდელობა, საზოგადოების აბსოლუტური დეჰუმანიზება მოხდეს, სადაც აგენტები არ იმსახურებენ არანაირ თანაგრძნობას. მეორეს მხრივ, ეს არის დაშინების მცდელობა, რომ ჩვენ აი, ყველა მეთოდს გამოვიყენებთ და არაფერზე გავჩერდებით,“ – მიიჩნევს გოტა ჭანტურია.

გოტა ჭანტურიას ირაკლი ს განცხადებაზე ვესაუბრეთ: „ნულოვანი თანაგრძნობა – ამას იმსახურებენ ეს ადამიანები“ – აცხადებს „ოცნების“ პრემიერი პროევროპულ აქციებზე საუბრის დროს.

„კობახიძე ცდილობს  ყველას ერთი იარლიყი მიაკრას: აგენტია, უსამშობლო. ეს დიქტატურისთვის დამახასიათებელი მოქმედებაა. საბჭოთა კავშირშიც იყო საუბარი ხალხის მტრებზე – ხალხის მტრად მოიხსენიებდნენ ყველას, ვისაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. დღეს იხსენებდნენ მუამარ კადაფს, რომელიც ასევე საუბრობდა იმაზე, რომ პროტესტის წინააღმდეგ არანაირი თანაგრძნობა არ უნდა გვქონდეს. ეს ენა არ არის ახალი,“ – გვითხრა გოტა ჭანტურიამ

„ბათუმელებმა“ გოტა ჭანტურიასთან ინტერვიუ ჩაწერა, ის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე და მოძრაობის „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრია.

  • ბატონო გოტა, როგორ აღიქვით ირაკლი კობახიძის აქცენტი „ნულოვან თანაგრძნობაზე“. მან ეს ფრაზა ზედიზედ რამდენჯერმე ახსენა. „უცხური აგენტები ვერ დაიმსახურებენ ვერავითარ თანაგრძნობასო“.

მოულოდნელი ამაში არაფერი არ არის: ეს ადამიანი პრინციპში თანაგრძნობას ან რაიმე ტიპის ადამიანობას ისედაც არ ამჟღავნებდა. ახალი ის არის, რომ პრაქტიკულად რეპრესიების ახალი ტალღა დაანონსდა, რაღაც ახალ სტრატეგიაზე გადადიან.

ეს განცხადება ასევე შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ერთგვარი დაშინების მცდელობა. „ოცნებას“ სურს წინააღმდეგობის მორალურად გატეხა. იგივე 4 ოქტომბრის აქციაზე რაც იყო შეცდომა და ავანტიურა, ამაში არ მონაწილეობდა დიდი ნაწილი აქტიურად, მაგრამ „ოცნების“ რიტორიკაა, რომ ამაზე გააკეთოს აქცენტი.

კარგად გვახსოვს, რომ წლების განმავლობაში წარმოადგენდა გაეროს განვითარების პროგრამას, USAID-ს და ასე შემდეგ. ამიტომაც, როცა კობახიძე საუბრობს უცხოურ აგენტებზე, ეს სრულიად სამარცხვინოა ე.წ. პრემიერის მხრიდან, თუმცა ჩვენ ეს დარტყმა სერიოზულად უნდა მივიღოთ და რეფლექსიაც მოვახდინოთ. ჩვენ გვჭირდება რეფლექსია 4 ოქტომბერზე: რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, ახლა რა უნდა გავაკეთოთ და ასე შემდეგ.

კობახიძის ეს განცხადება არის მცდელობა, საზოგადოების  დეჰუმანიზება მოხდეს, სადაც აგენტები არ იმსახურებენ არანაირ თანაგრძნობას. მეორე მხრივ, ეს არის დაშინების მცდელობა, რომ ჩვენ აი, ყველა მეთოდს გამოვიყენებთ და არაფერზე გავჩერდებით. იმის მიყოლება, რომ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებენ თურმე, ამის საუკეთესო გამოვლინებაა გელა ხასაიას დაკავება.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ დასჭირდა ირაკლი კობახიძეს ეს გზავნილი?

კობახიძე ცდილობს ყველას ერთი იარლიყი მიაკრას: აგენტია, უსამშობლო. ეს დიქტატურისთვის დამახასიათებელი მოქმედებაა. საბჭოთა კავშირშიც იყო საუბარი ხალხის მტრებზე – ხალხის მტრად მოიხსენიებდნენ ყველას, ვისაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. დღეს იხსენებდნენ მუამარ კადაფს, რომელიც ასევე საუბრობდა იმაზე, რომ პროტესტის წინააღმდეგ არანაირი თანაგრძნობა არ უნდა გვქონდეს. ეს ენა არ არის ახალი.

ჩვენ უნდა გვჯეროდეს ძალის და გამარჯვების, მაგრამ მოწინააღმდეგის აღქმაც რეალობასთან ახლოს უნდა იყოს. 4 ოქტომბერიც ზუსტად ეგ იყო: საზოგადოების ნაწილმა არარეალისტურად შეხედა „ოცნებას“, ავანტიურას დაუჯერა.

  • რა ეტაპზე გადადის ახლა წინააღმდეგობა და მეორე მხრივ, „ოცნების“ რეჟიმი?

„ოცნება“ ცდილობს, ყველა, ვისაც აქვს პროტესტი, ერთი იარლიყის ქვეშ მოაქციოს, უსამშობლოებად გამოაცხადოს, გააბაიბუროს პროტესტი, თითქოს მნიშვნელოვანი არც არაფერი ხდება, სადღაც 50, თუ 100 კაცი დგას.

რეალურად „ოცნებამ“ კარგად იცის, რომ არც 50 და არც 100 ადამიანი არ დგას საპროტესტო აქციაზე. მოსახლეობის უმრავლესობა მათი წინააღმდეგაა: პროფესორები და მასწავლებლები, ექიმები, თუ ჟურნალისტები, მწერლები, პოეტები, მუსიკოსები… ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ერთ იდეაზე ვთანხმდებით – საქართველოს იდეაზე. ეს „ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის და ეს აწუხებს სწორედ. ამიტომაც, სურთ, რომ თანაგრძნობა გაუფასურდეს. იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ, რაღაც შეკავშირებაზე იყოს ორიენტირებული, პირიქით, დაქსაქსულობა, არასოლიდარულობა, არანაირი ემპათია, ზუსტად არანაირი თანაგრძნობა, მხოლოდ ზიზღი, აი, ესაა, რასაც აღვივებენ და სჭირდებათ: ზიზღი და დეჰუმანიზაცია.

ამ ყველაფერს თავისი გავლენა აქვს, იქნება ეს ფსიქოლოგიური წნეხი, თუ ფიზიკური. ყველა ვხედავთ, ემიგრაცია როგორ მწვერვალზეა ასული, რამდენი ტოვებს ქვეყანას, ჩაიკეტა სივრცე კრიტიკული მსჯელობისთვის, კითხვებისთვის, დისკუსიისთვის. ყველაფერი დამოკიდებულია „ოცნების“ დღის წესრიგზე.

ახალი პოლიტიკური შინაარსის შეთავაზების გარეშე ძალიან რთული იქნება ამ ბრძოლაში განვითარება გვქონდეს. უკმაყოფილება ყველგანაა, მაგრამ ამის გამოხატულება ნაკლებად ხდება. მაგალითად, ფასები ყველას აწუხებს, რომელიც კატასტროფულად არის გაზრდილი და ადამიანებს პურის ფული არა აქვთ, მაგრამ ამის პოლიტიზება ნაკლებად ხდება. ეს თუ არ გავაკეთეთ, მხოლოდ რუსთაველით შემოსაზღვრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და თუნდაც მხოლოდ გეოპოლიტიკურზე აქცენტის გაკეთება, რომ აი, რუსულია ხელისუფლება, ეს, ჩემი აზრით, შორს ვერ წაგვიყვანს.

ჩვენ რაღაც უნდა გადავიაზროთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ. აუცილებელია, ამ პროტესტის გაფართოება და ახალი პოლიტიკური შინაარსის შემუშავება.

აუცილებელია გააქტიურება რეგიონებში. ამ აქტიური მუშაობის და მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაციის გარეშე რთული იქნება რამე გამოვიყვანოთ.

იმაზე ლაპარაკი, რომ აგერ, ჩამოიშლება რეჟიმი – ასეთი ლოზუნგების ენა უნდა დასრულდეს. ეს ძველი პოლიტიკური კლასიც, ჩემი აზრით, უნდა ჩავანაცვლოთ… ჩვენი ჩათვლით, უნდა ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა, ინიციატივა, რისკიც გავწიოთ. ნუ, ეს რისკი არ გვაკლია ისედაც, მაგრამ მეტი რისკი უნდა ავიღოთ, სხვანაირად ერთი და იგივე წრეზე ვიტრიალებთ.

ახალი ფაზა იწყება ნამდვილად. ჩვენი ამოცანაა, გამოვკვეთოთ ჩვენი იდენტობა და შევქმნათ ახალი პოლიტიკური შინაარსი, სადაც ხალხის წუხილები იქნება გამოხატული.

ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ხალხის ჩართულობით. ხალხს ყველაფერი მართლა ძალიან კარგად ესმის, მაგრამ ეს არ არის ერთდღიანი პროცესი. ეს ყველაფერი მოითხოვს ყოველდღიურ შრომას და აქტიურობას, ასევე რაღაც დროსაც და მესმის, რომ ეს დრო ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ რაღაც ნაბიჯებს ჩვენ უბრალოდ ვერ გადავახტებით. რაღაც სასწაული ვერ მოხდება და, მაგალითად, მეგობარი აქტიც რომ მიიღონ, მხოლოდ ამაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული. საჭიროა ხალხთან აქტიურად მუშაობა.