ევროლიგამ ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა NBA-ის გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპაში ახალი დივიზიონის შექმნას გულისხმობს. როგორც Sportando იუწყება, ბარსელონაში გაიმართა ევროლიგის აქციონერთა შეხვედრა, სადაც ლიგის ხელმძღვანელებმა დეტალურად განიხილეს ჩრდილოეთ ამერიკული ლიგის ინიციატივა და მისი შესაძლო გავლენა ევროპულ საკლუბო სისტემაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, NBA მიზნად ისახავს 2027 წლიდან დაიწყოს ევროპული დივიზიონის ფორმირება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 16 გუნდი — 12 მუდმივი წევრი და 4 კლუბი, რომლებიც ადგილობრივი ჩემპიონატების მეშვეობით შეერჩევიან. ექსპერტების შეფასებით, ეს პროექტი შესაძლოა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინიციატივად იქცეს მსოფლიო კალათბურთის ისტორიაში და მნიშვნელოვნად შეცვალოს ძალთა ბალანსი ევროპაში.
ევროლიგის ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და ემზადება სამმხრივი სამიტისთვის, რომელიც 8 ოქტომბერს ჟენევაში გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროლიგის, FIBA-სა და NBA-ის წარმომადგენლები. მთავარი მიზანია საერთო ხედვის ჩამოყალიბება, რათა თავიდან იქნას აცილებული ინტერესთა კონფლიქტი და შენარჩუნდეს ევროპული კალათბურთის დამოუკიდებლობა.
ბარსელონაში გამართულ ბორდის სხდომაზე ასევე განიხილეს ოთხი კლუბის – მადრიდის „რეალის“, „ბარსელონას“, „ფენერბაჰჩეს“ და „ვილერბანის“ – სტატუსი. აღნიშნულ გუნდებს ამ დროისთვის არ აქვთ გაფორმებული მრავალწლიანი ლიცენზიური კონტრაქტები ევროლიგასთან, რაც დამატებით კითხვებს აჩენს მათ მომავალთან და ლიგის სტრუქტურის სტაბილურობასთან დაკავშირებით.
ევროლიგის შიგნით მიიჩნევენ, რომ NBA-ის გეგმა მხოლოდ სპორტული ინიციატივა არ არის — ის ევროპის ბაზარზე გავლენის გაფართოებასა და საერთაშორისო მოთამაშეთა ბაზრის კონტროლს ემსახურება. ამიტომაც, ჟენევის სამიტი შეიძლება გახდეს გარდამტეხი მომენტი ევროპული კალათბურთის სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრისთვის.
შენგელიას 10 ქულა და “ბარსელონას” მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
შერმადინი “ტენერიფეს” უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
