FIFA პენალტის გაფუჭების შემდეგ დამატებას აკრძალავს

გერმანული გაზეთის Bild-ის ინფორმაციით, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (FIFA) სურს აკრძალოს გამოუყენებელი პენალტის შემდეგ დამატება.
FIFA აპირებს შეიტანოს ცვლილება 11-მეტრიანის შესრულების წესში, კერძოდ, აუკრძალოს ფეხბურთელებს ბურთის დამატება იმ შემთხვევაში, თუ დარტყმა მეკარემ მოიგერია.
მეკარის მიერ პენალტის მოგერიების შემთხვევაში, დაინიშნება კარიდან დარტყმა. მაგრამ გაუგებარი რჩება, რა იქნება იმ სიტუაციაში, თუ ბურთი ძელს მოხვდება.
ახალი წესის შემოღებას 2026-27 წლების სეზონიდან აპირებენ, მაგრამ ამისთვის საჭიროა საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო საბჭოს (IFAB) თანხმობა.
აღნიშნავენ, რომ ახალი წესის შემოღებას ემხრობა UEFA-ს სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელი პიერლუიჯი კოლინა.