რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ასამდეც არ არის, იკრიბება, რუსთაველის გამზირს კეტავს და ამით რაღაც კონკრეტულ დღის წესრიგს ქმნის – წარმოუდგენელია ამას სახელმწიფო მშვიდად უყურებდეს და რეაგირება არ ჰქონდეს! ეს ჩვეულებრივ გატარებული ვერ იქნება, – ეს განცხადება პარლამენტში, ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გააკეთა.
წილოსანის თქმით, ის, რაზეც პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, არის საზოგადოებაში დაგროვილი ბრაზი.
“საზოგადოება უყურებს, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც ასამდეც არ არიან, იკრიბება, რუსთაველს კეტავს და ამით რაღაც კონკრეტულ დღის წესრიგს ქმნის. დისკომფორტს უქმნიან და გადაადგილებას უზღუდავენ სხვა რამდენიმე ათასს თბილისის მაცხოვრებელს.
წარმოუდგენელია ამას სახელმწიფო მშვიდად უყურებდეს და არ ჰქონდეს რეაგირება. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ წესრიგი უნდა დამყარდეს!
იდენტურ საქმეს ვერც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ვერ გააკეთებენ. როდესაც დიდი რაოდენობით ადამიანი იკრიბება, ლოგიკურია, გადაიკეტოს მაგისტრალი თუ ქუჩა, მაგრამ როდესაც ეს მიზანმიმართულად – მაცხოვრებლებისთვის დისკომფორტისთვის და მავნებლური ნარატივის შექმნისთვის ხდება, ეს ჩვეულებრივ გატარებული ვერ იქნება. ეს არც გამოხატვის თავისუფლებას ასახავს და არც ნორმალური აქტივიზმის ფორმებს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ „50-100 კაცი, რომელიც ქუჩას კეტავს, ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა, სიწყნარე, წინსვლა და განვითარება“. კობახიძის თქმით, ეს ადამიანები, კანონის ფარგლებში მიიღებენ პასუხს “ამ ძალადობაზე”. კობახიძემ განაცხადა ისიც, რომ აღნიშნული ადამიანები ნულ თანაგრძნობას იმსახურებენ.
