4 ოქტომბრის მოვლენებისას დაკავებული 5 პირის ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს და მიზეზად 2017-2023 წლებში მისი „ქართული ოცნების“ წევრობა დაასახელეს – მოსამართლემ აღნიშნული არ დააკმაყოფილა

4 ოქტომბრის აქციის მოვლენებზე დაკავებული 5 პირის ადვოკატებმა მოსამართლის, ლელა მარიდაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რადგან მათი თქმით, ის 2017-2023 წლებში „ქართული ოცნების” წევრი იყო, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ მოსამართლე პოლიტიკურად ანგაჟირებულია და ამას „გვერდს ვერ ავუვლით”.
პასუხად, მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია დამალული და დაფარული არ ყოფილა.
„ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ სასამართლოს მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაში და დავაყენოთ მოსამართლის აცილება. თქვენ დაადასტურეთ, რომ იყავით წარსულში „ოცნების” აქტიური მხარდამჭერი. არა მარტო მხარდამჭერი, არამედ წარმომადგენელი „ქართული ოცნებისა”.
კანონით უზრუნველყოფილ პატივისცემას გიდასტურებთ, თუმცა ვერ ავუვლით გვერდს იმას, რომ თქვენ ამ საქმეში პოლიტიკურად ანგაჟირებული ბრძანდებით. თქვენ პირდაპირ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ბრძანდებით“, – განაცხადა თუთბერიძემ.
პაატა მანჯგალაძისა და მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა, ბექა ბასილიამ მოსამართლეს მიმართა, ეს არ მიიღოს პერსონალურ თავდასხმად და საქმის აცილება სთხოვა.
„თქვენთან დაკავშირებული ეს გარემოება მნიშვნელოვანია. რაღაც სტანდარტი ხომ უნდა დავიცვათ?! არ ჩათვალოთ, რომ თავს გესხმით, მაგრამ მაგალითად, იმ წლებში როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყავით, არჩევნებში მონაწილეობდა ეს ხალხიც. ოპონენტები იყავით… გთხოვთ, აიცილოთ. ვფიქრობ, ეს პირადად თქვენთვისაც კარგი იქნება,” – გამაცხადა ბასილაიამ.
ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ მოსამართლეს უთხრა, ამ საქმისთვის ასე შეეხედა – თუკი, ის ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმებოდა, გამოვიდოდა, რომ ამ ადამიანების საქმე მათმა პოლიტიკურმა ოპონენტმა განიხილა.
აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარეც.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და
ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ