პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელიც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს, ამბობს რომ არის რეჟიმის ტყვე. მის მიმართ წარდგენილი ბრალის შესახებ მან სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე ისაუბრა.
“მე არცერთი პარტიის წევრი არ ვარ. ამ ადამიანებთან თანამოაზრეობა მაკავშირებს, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. გამიჭირდება ადამიანის პოვნა, ვისაც ჩემზე მეტი დღე აქვს გატარებული ამ ქვეყნისთვის ბრძოლაში. ახლა ჩვენი ბრძოლა მშვიდობიანია. მე რომ ახლა აქ ვზივარ და ტყვე ვარ, ესეც მშვიდობიანი ბრძოლის ნაწილია. მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მე მეომარი ვარ. ტყვე ვარ, კი ბატონო. ტყვეობა რამდენ ხანს მოგვიწევს, მნიშვნელობა არ აქვს”, – განაცხადა ლაშა ბერიძემ.
ლაშა ბერიძეს, ისევე როგორც მასთან ერთად დაკავებულ ოთხ მოქალაქეს – პაატა ბურჭულაძეს, პაატა მანჯგალაძეს, ირაკლი ნადირაძესა და მურთაზ ზოდელავას პატიმრობა შეეფარდათ. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
ბრალდებულები 4 ოქტომბრის აქციის დასრულებისთანავე, 5 ოქტომბრის ღამეს დააკავეს.
ზოდელავას, ბურჭულაძესა, ნადირაძეს და ბერიძეს ბრალი წარდგენილი აქვთ შემდეგი მუხლებით:
19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
ბურჭულაძეს, ნადირაძესა და ზოდელავას, დამატებით, წარდგენილი აქვთ 317-ე მუხლი – მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;
რაც შეეხება მანჯგალაძეს, გამოძიება მას ედავება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
გუშინ, 6 ოქტომბერს, ამავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს კიდევ 13 ადამიანი. “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ კიდევ ორი პირზე ძებნა გამოცხადებული.
გარდა ამისა, 5 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. მისი თქმით, აღნიშნული ნივთები 4 ოქტომბრის აქციაზე უნდა გამოეყენებინათ. მაღრაძის თქმით, მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც სავარაუდოდ აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ.
ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს და სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება.
ამავე თემაზე:
· პაატა მანჯგალაძის სიტყვა სასამართლოში
· რა თქვა მურთაზ ზოდელავამ სასამართლოში
· ირაკლი ნადირაძის სიტყვა სასამართლოში
