ელჩების საქციელი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია გარკვეული სცენარით, რომელიც ევროპის მიღმა მასშტაბური დაპირისპირებების განვითარებას და კავკასიისკენ – კერძოდ, საქართველოსკენ რუსული აგრესიის განვითარებას გულისხმობს – ამ მიზნის რეალიზაცია გარკვეულ მოქმედებებსა და სცენარს ექვემდებარება, რომელსაც ზოგიერთი ქვეყნის ელჩი საქართველოში დაუფარავად ახმოვანებს, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
ვოლსკის შეფასებით, როგორც ელჩების, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მაღალი დონის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტებითა და უსამართლობით სავსე განცხადებები კეთდება.
ვოლსკი ამბობს იმასაც, რომ “ამის მიუხედავად, მეგობრობის და პოზიტიური ურთიერთობების გაგრძელების მოლოდინში უნდა დავრჩეთ“.
“პაველ ჰერჩინსკის კომენტარი გარკვეული დამოკიდებულების მანიშნებელია, რადგან ის დეტალებში არ შევიდა. არც მაინც და მაინც სასიამოვნო მოსასმენი იყო, რაც მარტა კოსმა და კაია კალასმა თქვეს, თითქოს არაფერი მომხდარა, არანაირი შეტევა და დაზიანება არ იყო, მხოლოდ დიდი ჯგუფის ბრძოლა იყო საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
აღნიშნული განცხადების უკან გარკვეული პოლიტიკური მიზანი დევს, რომელიც წლებია არ იცვლება – საქართველოში რევოლუცია უნდა მოხდეს, რომელსაც მარიონეტული ხელისუფლების მოსვლა უნდა მოჰყვეს, რომელიც უნდა დაემორჩილოს შორს მიმავალ სცენარს, რაც საქართველოს ფარგლებს სცილდება.
რაც შეეხება ცალმხრივ მეგობრობას, როცა ევროსტრუქტურა, ევრობიუროკრატია გიტევს და გააფთრებით გებრძვის იმის გამო, რომ ევროპის სტანდარტთან შესაბამისი კანონი მიიღე, რომ შავი ფული არ უნდა შემოდიოდეს ქვეყანაში, დასკვნა უნდა გააკეთო – არა ეს კანონი, არამედ უფრო დიდი მიზანია საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვაში. ეს დიდი მიზანი წარმოადგენს ამ გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოში ჩართვის მცდელობას.
გემუქრებიან და გაშანტაჟებენ, რომ ევროპა მოგიკვეთავს, ევროპა ამას არ გაგიკეთებს და მოლაპარაკებას არ გახსნის, თუკი შენ არ დაექვემდებარები გარკვეულ მოთხოვნებს. საქართველოსთვის ეს მოთხოვნები ძალიან მძიმეა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან გია ვოლსკიმ.
