პაატა მანჯგალაძე არაფერ შუაში არაა რევოლუციასთან და ტყუილად გაიშარა – ის უნდა გამოუშვან დაუყოვნებლივ და შემიძლია პირადად ჩავუდგე თავდებში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.
იაგო ხვიჩიას თქმით, აღნიშნულთან დაკაშირებით მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს მის მეგობარს და სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს.
„ჩემი აზრით, ყველა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა, ვინც მას იცნობს იცის, რომ პაატა მანჯგალაძე არაფერ შუაში არაა რევოლუციასთან და ტყუილად გაიშარა.
ეს იმდენად აშკარა და ცხადი უსამართლობაა, რომ არ შეიძლება პაატა ამ სისულელის გამო სისხლის სამართლის წესით იჯდეს ციხეში.
მე ვფიქრობ, რომ ის უნდა გამოუშვან დაუყოვნებლივ და შემიძლია პირადად ჩავუდგე თავდებში, როგორც ადამიანს და კოლეგას, რომელსაც ვიცნობ და მჯერა, რომ არანაირ რევოლუციას ის არ აწყობდა და აბსოლუტურად ტყუილად გაშარეს.
ჩემს მეგობარს ლევან იოსელიანსაც მინდა, ვთხოვო მხარდაჭერა ამ საქმეში, რადგან მჯერა რომ ისიც ჩემნაირად იცნობს პაატას და მასაც იმავენაირად აბსურდულად მიაჩნია მისი რევოლუციონერობა, როგორც მე.
(შემეძლო პირადად მეთქვა ლევანისთვის ეს, მაგრამ საჯარო პროცესია და მინდა საჯაროდ დავიწყო ლაპარაკი ამაზე)
ამ პოსტით მე არ ვამტკიცებ, რომ პაატას გარდა ყველა ვინც დაკავებულია დამნაშავეა, მაგრამ პაატას რევოლუციონერობა იმხელა აბსურდია, რომ ამაზე თვალის დახუჭვა ტეხავს იმ ხალხისაგან, ვინც მას ვიცნობთ“, – წერს იაგო ხვიჩია.
