თბილისის შემდეგ სურსათის ბანკი წყალტუბოშიც ამუშავდება – ჯუბა მარუაშვილი

თბილისში პირველმა „სურსათის ბანკმა“ ოპერირება დაიწყო. როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის უფროსი მრჩეველი ჯუბა მარუაშვილი “კომერსანტის” ეთერში ამბობს, მალე ერთ-ერთ სავაჭრო ქსელში სალაროებთან „სურსათის ბანკის“ ყუთებიც განთავსდება, რაც მომხმარებლებსაც შესაძლებლობას მისცემს, თავად ჩაერთონ დონაციაში.
,,საქართველოში ჭარბად წარმოიქმნება სურსათი, რომელიც უვნებელია და შესაძლებელია, რომ ვადის გასვლასთან ახლოს მყოფი პროდუქტია დახლიდან ამოღების შემთხვევაში დონაციაში ჩაიდოს და ბენეფიციარებამდე მივიდეს.
ერთ-ერთ სავაჭრო ქსელში სულ მალე სალაროებთან დაიდგმება სპეციალური ყუთები წარწერით „სურსათის ბანკი“, სადაც მომხმარებელსაც შეეძლება საკუთარი წვლილის შეტანა. ამრიგად, იქნება დონაციის ორი შესაძლებლობა: საცალო ვაჭრობის ქსელში ჭარბად აკუმულირებული სურსათი და მეორე – მომხმარებლების მხრიდან გაწეული დონაცია.
იურიდიული პირების შემთხვევაში, ვალდებულები არიან, ავტორიზაცია გაიარონ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ისევე, როგორც თავად სურსათის ბანკები გადიან ავტორიზაციას. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, საუბარი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვან, კეთილ ინიციატივაზე, მაგრამ აქ წამყვანი ასპექტი გახლავთ სურსათის უვნებლობა”,- ამბობს მარუაშვილი.
მისივე ინფორმაციით, თბილისის გარდა, სურსათის ბანკი წყალტუბოში ამუშავდება; პრიორიტეტული კი სოციალურად დაუცველი ოჯახები იქნებიან.
,,სურსათის დონაციის პროცესი დაიძრა – პირველი გახლავთ საქველმოქმედო ორგანიზაცია „ენკენია“, რომელსაც ბენეფიციარებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მეორე სურსათის ბანკი ველოდებით, რომ წყალტუბოში ამუშავდება. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია, მას შემდეგ, რაც ეს პროცესი ამუშავდა, დავინახოთ, სად რა დამატებითი საჭიროებები გაჩნდება.
პრიორიტეტი მიენიჭება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.
„ენკენიას“ შემთხვევაში კარგად იციან, რა კატეგორიის ბენეფიციარები არიან უფრო მაღალი საჭიროების. ეს შეიძლება იყვნენ მარტოხელა მოხუცები, მრავალშვილიანი ოჯახები და ასე შემდეგ”,- აღნიშნა „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა “კომერსანტთან” მიცემულ ინტერვიუში.