ევროკომისიის სპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიფინგზე საქართველოში 4 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ არჩევნები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციაზე ინტენსიური რეპრესიების ფონზე ჩატარდა.
ფორმულას ჟურნალისტის კითხვის პასუხად სპიკერმა ქართული ოცნების დეზინფორმაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ – “საქართველოს ხელისუფლება ეწევა რუსული სახელმძღვანელოდან აღებულ პროპაგანდას, როდესაც საქმე ეხება დეზინფორმაციასა და ელჩზე თავდასხმას”, რომელსაც მისივე თქმით, EU-ის სრული მხარდაჭერა აქვს.
“ჩვენ ვნახეთ, რომ შაბათს ჩატარებული არჩევნები აღნიშნებოდა ინტენსიური რეპრესიებით მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ოპოზიციურ პარტიებზე. ვნახეთ ასევე დაბალი აქტივობა, ასევე იყო აღნიშნული ბოიკოტი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლებამ დროულად არ მიიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები ეუთო/ოდირიდან. ამ ყველაფერმა ძირი გამოუთხარა დემოკრატიული პროცესის გამჭრვივალობას და სანდოობას. ასევე ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ეწევა რუსული სახელმძღვანელოდან აღებულ პროპაგანდას, როდესაც საქმე ეხება დეზინფორმაციას და ჩვენს ელჩზე თავდასხმას, რომელსაც აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას ორივე მხრიდან. ევროკავშირი ყოველთვის გამოდის მოწოდებით, რომ პროტესტი და დემონსტრაცია მშვიდობიანი უნდა იყოს, რადგან ეს არის ხალხის უფლება როგორც ასეთი, და ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას”, – თქვა მან.
ევროკომისიის სპიკერს ასევე ჰკითხეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზეც, რაზეც ანიტა ჰიპერმა კვლავ გაიმეორა EU-ის პოზიცია, ინტეგრაცია მიღწევებზე დაფუძნებული პროცესია, საქართველოს ხელისუფლება კი ამ გზას საფრთხეს უქმნის.
“მასშტაბური დემოკრატიული უკუსვლის გამო საქართველოსთან მინიმუმამდე დავწიეთ პოლიტიკური კონტაქტები. ასე რომ მთელი ჩვენი მხარდაჭერა მიმართულია დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისკენ. რაც შეეხება ინტეგრაციის პროცესს, ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიო განცხადებები გააკეთეს, რომ ინტეგრაცია მიღწევებზე დაფუძნებული პროცესია და რაც ვნახეთ არის ის, თუ როგორ უქმნის საფრთხეს საქართველოს ხელისუფლება ამ გზას”, – თქვა ანიტა ჰიპერმა.
