4 ოქტომბერი შესაძლებელი გახდა შეცდომების ჯაჭვის შემდეგი ქმედებებისა თუ უმოქმედობის შედეგად. პირველი – გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად შემდგარი პარლამენტის ბოიკოტირებით პოლიტიკური პროცესი მოკვდა, რის ალტერნატივადაც დარჩა ქუჩა. მეორე – საზოგადოება ვერ დავარწმუნეთ, რომ ბოიკოტი არ იყო პოლიტიკულად გამართლებული და სწორი გზა პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად. მესამე – ვერ გავიმარჯვეთ საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც რევოლუციური და დამხობის სცენარებს ემხრობოდა, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა გიორგი შარაშიძემ საგანგებო ბრიფინგზე.
“ჩვენ ყველამ ერთად ჩავაბარეთ თბილისი კორუმპირებულ კალაძესა და მოძალადე “ოცნებას”. მოხდა როგორც მშვიდობიანი პროტესტის, ისე არჩევნების, ასევე მშვიდობიანი ცვლილების დისკრედიტაცია. “ოცნებას” კი გაუჩნდა ავტორიტარული რეჟიმის კიდევ მეტად დამძიმების შესაძლებლობა. უსამართლო, უთანასწორო არჩევნებში შესვლისას ჩვენ გააზრებული გვქონდა, რომ ნებისმიერი შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო. ჩვენთვის მთავარია, ყველაფრის მიუხედავად პატივი ვცეთ კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს. ამაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ და ახლაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვაანალიზებთ ყველა გარემოებასა და მიზეზს, არ გავურბივართ დამდგარ რეალობას და ვაღიარებთ თუნდაც უსამართლო ბრძოლაში დამარცხებას. სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებრივი აზრისთვის ბრძოლა წავაგეთ. შეიძლება ერთი ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომს აუცილებლად მოვიგებთ. “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ერთი ოცნება აქვთ – როგორმე გააქრონ პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური ველიდან. ამ ორი რადიკალური ძალის ტყვეობიდან საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, თუ ვინმეს შეუძლია, ეს მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ძალაა. ბრძოლის ამ აუცილებელი ეტაპის გავლის შემდეგ ჩვენ განახლებული გეგმით გავაგრძელებთ მოქმედებას”, – განაცხადა შარაშიძემ.
