შეუძლებელია არალეგიტიმური ხელისუფლების დამხობა, – ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავასა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ბრალი, რომელიც ზოდელავას წაუყენეს, იურიდიული შინაარსის მატარებელი არ არის. რაც შეეხება პაატა მანჯგალაძის ბრალს, ის ადვოკატის თქმით, ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
„საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს, რომ არჩევნები გაყალბდა და „ქართული ოცნება“ გასულია კონსტიტუციური ფარგლებიდან. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში დასაბრუნებლად არის არა სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ თითოეული მოქალაქის ვალდებულება. შესაბამისად, წარდგენილი ბრალდებები იურიდიული შინაარსის მატარებელი არ არის მურთაზ ზოდელავასთვის და პოლიტიკური მანიფესტაციაა.
ხალხის პროტესტი, ხალხის ეს ამბოხი საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში დასაბრუნებლად დანაშაული არ არის“, – განაცხადა ბასილაიამ.
კითხვაზე, დამხობისკენ მოწოდება და აღნიშნული მოწოდების შედეგად დამდგარი შედეგი, არის თუ არა კონსტიტუციის ჩარჩოში დარჩენა, ადვოკატი დადებით პასუხს სცემს და თან მიზეზებს განმარტავს.
„იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება მიტაცებულია, როცა კონსტიტუციის ფარგლებიდან გასულია „ქართული ოცნება“, ხალხზე ძალადობს, პოლიციისთვის მოწოდება, რომ ქართველი ხალხის მხარეს გადავიდნენ, რომ კონსტიტუციური, ადმინისტრაციული ორგანოები მოემსახუროს ქართველ ხალხს და არა ოლიგარქს, დანაშაული არ არის. შეუძლებელია არალეგიტიმური ხელისუფლების დამხობა, შესაძლებელია არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება…
რაც შეეხება პაატა მანჯგალაძისთვის წარდგენილ ბრალდებას, იმ სტანდარტითაც კი, რა სტანდარტით „ქართული ოცნების“ ძალოვნები ხელმძღვანელობენ, არანაირი საფუძველი არ არსებობს. ეთერი, ან რამე წერილობითი ინტერვიუ არ არსებობს, არ არსებობს რაიმე მოწოდება რამე ტიპის ჯგუფური ორგანიზებისკენ მოწოდების და მით უმეტეს, არ არსებობს რაიმე ფაქტი, ამ მოქმედების ხელმძღვანელობის მხრიდან“, – განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
