სირიის გარდამავალმა მთავრობამ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ პირველი არჩევნები ჩაატარა. საპარლამენტო არჩევნები 5 ოქტომბერს გაიმართა. შედეგებს სავარაუდოდ, ორ დღეში გამოაქვეყნებენ.
არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა 1500-ზე მეტი კანდიდატი. 210-წევრიანი პარლამენტის დასაკომპლექტებლად არჩევნები ჩატარდა არა პირდაპირი წესით, არამედ საარჩევნო კოლეგიების მეშვეობით. რეგისტრაციისთვის აუცილებელ მოთხოვნებს შორის იყო ის, რომ კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო სირიის წინა, ასადის რეჟიმის, ან რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი.
კენჭისყრა არ გამართულა სირიის რაკის და ჰასაკის პროვინციებში, რომლებსაც ქურთების „დემოკრატიული ძალები“ აკონტროლებენ და სუვეიდაში, სადაც 2025 წლის ივლისში შეტაკებები იყო ადგილობრივ დრუზებსა და ბედუინებს შორის. ამ პროვინციებისთვის პარლამენტში განკუთვნილი 30-ზე მეტი ადგილი ვაკანტური იქნება.
კოლეგიამ დაახლოებით 120 დეპუტატი აირჩია. კიდევ 70-ს დანიშნავს გარდამავალ პერიოდში სირიის პრეზიდენტად დანიშნული აჰმედ ალ-შარაა. მან 2025 წლის მარტში მოაწერა ხელი გარდამავალი პერიოდის საკონსტიტუციო დეკლარაციას, რომლის თანახმად, გარდამავალი პარლამენტის უფლებამოსილების ვადა სამი წელი იქნება.
პრეზიდენტმა ალ-შარაამ სექტემბერში განაცხადა, რომ პირდაპირი არჩევნების ჩატარება ჯერჯერობით შეუძლებელია. მან მიზეზებს შორის ის დაასახელა, რომ ქვეყნიდან წასული და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული სირიელების დიდ ნაწილს მოქმედი დოკუმენტები არ გააჩნია.
5 ოქტომბრის არჩევნებს მეთვალყურეობას უწევდა უმაღლესი კომიტეტი, რომლის 11 წევრი ალ-შარაამ შეარჩია.
სექტემბერში სირიის 15-მდე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ალ-შარაას პარლამენტის შემადგენლობაზე პირდაპირი გავლენა ექნება და მისი სტრუქტურა ვერ გამოხატავს ამომრჩველის ნებას.
სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სამთავრობო ძალებზე მასშტაბური შეტევა 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყეს, რამდენიმე დღეში აიღეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო, კონტროლი დაამყარეს არაერთ სხვა ქალაქზეც და 8 დეკემბრისთვის შევიდნენ დედაქალაქ დამასკში.
რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ოჯახთან ერთად სირია დატოვა და თავი მოსკოვს შეაფარა.
ძირითადი ძალა, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო, „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამია“ (HTS). 2025 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ ამ დაჯგუფების ლიდერი აჰმედ ალ-შარაა სირიის პრეზიდენტი იქნება გარდამავალი პერიოდის მთავრობის მოქმედების დროს.
სირიაში ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ივლისში ჩატარდა. ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, 2025 წლის იანვარში ახალმა მთავრობამ პარლამენტი დაშლილად გამოაცხადა.
ბაშარ ასადის მმართველობისას პარლამენტის არჩევნები მრავალრიცხოვანი დარღვევებით ტარდებოდა და ყოველთვის მმართველი პარტია იმარჯვებდა. სირიის ოპოზიცია და დასავლეთის სახელმწიფოები შედეგებს არ აღიარებდნენ.
მოელიან, რომ სირიის პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ საფუძველი უნდა ჩაუყაროს ქვეყანაში ფართო დემოკრატიული პროცესის დაწყებას, თუმცა დღევანდელ სისტემას აკრიტიკებენ არჩევნებში უმცირესობების წარმომადგენელთა არასაკმარისი მონაწილეობის გამო.
სირიის ახალმა პარლამენტმა ახალი კანონმდებლობის შექმნაზე უნდა იზრუნოს.
კრემლის მოკავშირე ბაშარ ასადის რეჟიმმა 2018 წელს აღიარა საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობაც. საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, 2025 წლის ივნისში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თურქეთს სთხოვეს შუამდგომლობა, რათა სირიამ გააუქმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.
სირიის ხელისუფლებას მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.
ფორუმი
