19 ოქტომბერს თბილისი პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. ფესტივალი აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ტურნირს, სადაც საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული საუკეთესო მოცეკვავეები „საქართველოს ცეკვის სადედოფლო თასის“ მოსაპოვებლად იასპარეზებენ.
ჟიურის შემადგენლობაში მოწვეულნი არიან საერთაშორისო კატეგორიის სპეციალისტები, ხოლო ფინალური კონკურსი განსაკუთრებული სანახაობით დასრულდება.
ფესტივალის ორგანიზატორია პროფესიონალი მოცეკვავე, პედაგოგი და the World Dance Council (WDC) მსოფლიო ცეკვის საბჭოს ლიცენზირებული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და გენერალურ თათბირზე საქართველოდან ყოველწლიურად მიწვეული დელეგატი ლიზი მორი. იგი გახლავთ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის, კინოს, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის წევრი. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებულ პროექტში: „წარმატებული ემიგრანტი ქალი-მე დავბრუნდები“ ლიზი მორი დაჯილდოვდა საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. საქართველოში 2014 წელს „აღმოსავლეთ ქვეყნების თასის“ ორგანიზატორი და Georgian Queen Trophy -ის დამფუძნებელი; ტელეიმედის შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სამი სეზონის მოწვეული ჟიური. ლიზი მორს, როგორც საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, მუდმივად იწვევენ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ცეკვის ფესტივალები და კონკურსები. მათ შორისაა: 22/04/2023 Ischia Global Dance Festival 2023, Italy 27-31/07/2023 Fabulous Cup – Paris, France – World Class Adjudicator 26-29/10/2023 Azerbaijan Dance Festival – 86th WDC World Championship Professional Ballroom & Night of Dancing Diamonds 26/04/2024////17-20/05/2024-Blackpool Dance Festival, United Kingdom 26-27/04/2025 Georgian International Dance Festival, Tbilisi.
“არტ ინფო” ლიზი მორის ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.
– ამდენწლიანმა გამოცდილებამ გიბიძგათ ასეთი დონის ფესტივალის ჩატარებისკენ?
– დიახ, რა თქმა უნდა. ჩემმა დიდმა გამოცდილებამ განაპირობა, რომ საქართველოში, ჩვენს ისტორიულ, მრავალფეროვან ქალაქ თბილისში ჩატარდეს მსოფლიოს ღია პროემის ფესტივალი და იმედი მაქვს, რომ ეს ფესტივალი დამკვიდრდება, ტრადიციული გახდება და ყოველწლიურად ჩატარდება.
– რას ნიშნავს პროემი?
– პროემი ნიშნავს, რომ პროფესიონალი მოცეკვავე ასწავლის დამწყებ მოცეკვავეს. პროემი არის სისტემა, სადაც გამოცდილი, პროფესიონალი მოცეკვავე წყვილში ცეკვავს დამწყებთან. აქედან გამომდინარე, დამწყები მოცეკვავე ძალიან მალე ვითარდება და ხშირად აღწევს ძალიან დიდ შედეგს. საქართველოში პირველად 19 ოქტომბერს შერატონ მეტეხი პალასის სადღესასწაულო დარბაზში გაიმართება ჩვენს მიერ ორგანიზებული პროემის ფესტივალი. საქართველოში ჩამოდიან ღია თუ დახურულ ჩემპოინატებში დიდი მიღწევების მქონე აღიარებული წყვილები. წელს ფესტივალს ჰონგ კონგმა უმასპინძლა. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ჩვენი დაუღალავი შრომით მივაღწევთ იმას, რომ პროემის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდეს.
– რამდენად მნიშვნელოვანია ბლექპულის გამარჯვებულების საქართველოში სტუმრობა და რას ნიშნავს ატარებდე ამ სტატუსს?
– ბლექპული ქალაქია ინგლისში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ფესტივალის მასპინძელი გახლავთ. ფესტივალს 2026 წელს 100 წელი უსრულდება. მთავარი გახლავთ ის, რომ მოცეკვავე, რომელიც ბლექპულის გამარჯვებული ხდება, შედის ისტორიაში და მისი სახელი და გვარი შეაქვთ სპეციალურ წიგნში. 35 წელია მიწვეული სტუმრის სტატუსით ვესწრები მსოფლიოში ამ გამორჩეულ მოვლენას, ამის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. ბლექპულში იმართება მსოფლიო ცეკვის საბჭოს ყოველწლიური გენერალური თათბირი. საქართველოს პროფესიონალ მოცეკვავეთა ეროვნული საბჭო 1995 წლიდან არის მუდმივი წევრი მსოფლიო ცეკვის საბჭოში ხმის უფლებით, ამიტომ ყოველწლიურად ბლექპულის გენერალურ შეხვედრაზე მაქვს პატივი, როგორც საქართველოდან წარდგენილი დელეგატი, ვესწრებოდე გენერალურ თათბირს.
– რა ვალდებულებებს გაკისრებთ მსოფლიო ცეკვის საბჭოს ლიცენზირებული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის სტატუსი?
– ცეკვის საბჭოში 50-მდე ქვეყანაა გაწევრიანებული და მათ შორისაა საქართველო. ჩვენი ასოციაცია – საქართველოს პროფესიონალ მოცეკვავეთა ეროვნული საბჭო 1995 წლიდან არის მუდმივი წევრი ხმის უფლებით. ფლობდე მსოფლიო ცეკვის საბჭოს ლიცენზიას, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ცეკვის საბჭოს პრეზიდიუმი როდესაც განიხილავს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებს, შესაძლებელია საქართველოს მსაჯიც მოხვდეს ამ ქვეყნების სიაში. მე მხვდა ბედნიერება მემსაჯა 83-ე მსოფლიო ჩემპიონატი პროფესიონალებში სტანდარტული პროგრამით. ეს უკვე ისტორიაა, რომ საქართველო და ამ ქვეყნის მსაჯი მსოფლიო ქვეყნების რჩეულთა ჩამონათვალშია (83-ე მსოფლიო ჩემპიონატის სტანდარტულ პროგრამაში).
– რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი საქართველოს კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის?
– ჩვენს მიერ ორგანიზებული მსოფლიოს ღია პროემის ფესტივალი ხელს შეუწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებას საქართველოში. ჩვენ დავუკავშირეთ ცეკვა და კულტურული ტურიზმი ერთმანეთს და დღეს ექვსი მილიონი მოცეკვავე ადევნებს თვალ-ყურს, თუ როგორ ჩატარდება ჩვენი ფესტივალი საქართველოში. მომავალ წელს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ მოქალაქეს ექნება სურვილი, ჩამოვიდეს საქართველოში არა მარტო ფესტივალში და ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, არამედ სამოგზაუროდ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში. წლევანდელი წლის გაცნობითი პროგრამით ვამოგზაურებთ ჩვენს ჩამოსულ მოცეკვავეებს, მსაჯებს და ვიზიტორებს. ისინი მოინახულებენ მთაწმინდას, გაემგზავრებიან მცხეთაში, სიყვარულის ქალაქში – სიღნაღში. მომავალი წლების განმავლობაში სტუმრებს ვამოგზაურებთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მჯერა, რომ ეს უდიდეს ინტერესს გამოიწვევს და კულტურული ტურიზმის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს.
– საქართველოს ფესტივალის ფარგლებში მსოფლიოში ცნობილი უმაღლესი კატეგორიის მსაჯები ეწვევიან?
– დიახ. ჩვენ მოწვეული გვყავს მსოფლიოს უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალი მსაჯები. მათ შორის ძირკ ბაისტერი გერმანიიდან. ის წარსულში გახლდათ მსოფლიო ჩემპიონი, გერმანიის ჩემპიონი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი. საქართველოში ჩამოვა მსოფლიო მნიშვნელობის მსაჯი იტალიიდან ჯერი ებრატე. ასევე მოწვეული გვყავს აზერბაიჯანიდან ელდარ ჯაფაროვი, იგი ათ ცეკვაში მსოფლიო ჩემპიონია, მსოფლიო ჩემპიონია ამერიკან სმუსის – რომელიც ინერგება საქართველოს ასოციაციაში.
სტუმართა შორისაა სლავა აჟიდერსკი ისრაელიდან, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი. სომხეთიდან მარიანნა მამიანი – მსოფლიოში მრავალი ტურნირის მსაჯი, ლიეტუვადან უმაღლესი კატეგორიის მსაჯები და კიდევ მრავალი ქვეყნიდან. ტურნირი უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე ჩაივლის, რადგან მსოფლიოში აღიარებული მსაჯები უმაღლეს კვალიფიკაციას გამოამჟღავნებენ და იმსაჯებენ ისე, რომ თითოეული მონაწილის შეფასება იქნება სამართლიანი.
– მსოფლიოში არსებული ტურნირებისგან რითი განსხვავდება საქართველოში დაგეგმილი ფესტივალი, რომელიც 19 ოქტომბერს გაიმართება?
– ჩვენს მიერ ორგანიზებული მსოფლიო ღია პროემის ფესტივალი განსხვავებული და უნიკალურია, რადგან ის აერთიანებს ცეკვასა და კულტურულ ტურიზმს. როგორც აღვნიშნე, ექვსი მილიონი მოცეკვავე თვალს ადევნებს მის ჩატარებას. ერთ ოჯახად შეკრული მონაწილეები და მსაჯები ერთად იმოგზაურებენ საქართველოს ულამაზეს კუთხეებში, უფრო ახლოს გაეცნობიან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, მათ ელოდებათ მასტერკლასები, დააგემოვნებენ ქათულ სამზარეულოსა და ღვინოს.
19 ოქტომბერს ტურნირის დასასრულს, საღამოს 8 საათზე, შერატონ მეტეხი პალასის სადღესასწაულო დარბაზში გაიმართება გალა ვახშამი. ეს იქნება უნიკალური და დაუვიწყარი გალა ვახშამი. ცეკვის ლეგენდა, პორტუგალიელი ვიქტორ და სილვა ექსკლუზიური შოუთი წარსდგება დამსწრე საზოგადოების წინაშე. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ქარიზმატული, მომხიბვლელი და მსოფლიოს მნიშვნელოვანი ტურნირების მონაწილე და გამარჯვებული სპეცილურად ჩვენი ფესტივალისთვის ამზადებს შოუ პროგრამას. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ პირველი ფესტივალის საზეიმო დახურვაზე ვიქტორ და სილვა პრემიერით წარსდგება მაყურებლის წინაშე. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თბილისი პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალის პირველი ტურნირი იქნება განსაკუთრებული და ტრადიციულ სახეს მიიღებს.
ფესტივალის მხადამჭერები არიან : საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია.
ფესტივალის ოფიციალური სასმელი წყალი – ნაბეღლავი.
საინფორმაციო მხარდმჭერები: ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, რადიო ,,ფორტუნა”.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს:
https://tkt.ge/en/event/488660/lizi-mor-dance-queen-trophy
https://www.facebook.com/profile.php?id=61576404923368
https://www.instagram.com/lizimordancequeentrophy/
https://www.youtube.com/@LiziMorDanceQueenTrophy
