ადვოკატი მალკოლმ შოუ, რომელიც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელს წარმოადგენს, აცხადებს, რომ ისრაელის ხელმძღვანელობას „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ „გენოციდური განზრახვა“ არ გამოუვლენია.
„ისრაელის შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული ოფიციალური და სავალდებულო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ნებისმიერი გულდასმითი მიმოხილვა აშკარად ადასტურებს, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს არ გააჩნია რაიმე გენოციდური განზრახვა“, – აღნიშნა მალკოლმ შოუმ.
მისი თქმით, სამხრეთ აფრიკამ წარმოადგინა ისრაელის პოლიტიკოსების მიერ ომზე გაკეთებული კომენტარების „დამახინჯებული სურათი“, რათა დაედგინა ისრაელის გენოციდური განზრახვა.
მალკოლმ შოუ აცხადებს, რომ ღაზასთან ომში ისრაელის პოლიტიკის განსაზღვრაში მხოლოდ ისრაელის ომის კაბინეტისა და უსაფრთხოების კაბინეტის პოლიტიკური გადაწყვეტილებებია რელევანტური.
„შემთხვევითი ციტატების შექმნა, რომლებიც არ შეესაბამება მთავრობის პოლიტიკას, საუკეთესო შემთხვევაში, შეცდომაში შეყვანას იწვევს”, – აცხადებს შოუ.
ისრაელი დღეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში პასუხობს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორში მისი სამხედრო ოპერაცია გენოციდის კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს პალესტინის მოსახლეობის განადგურებას.
სამხრეთ აფრიკამ, რომელმაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, გუშინ მოსამართლეებს სთხოვა, დააწესონ გადაუდებელი ზომები და დაავალონ ისრაელს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა.