საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სამინისტრო დღეს (5 ოქტომბერი) და მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებს შესაბამის ზომებს კანონდამრღვევების დასადგენად და მათ მიმართ კანონის აღსასრულებლად.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიმართა შეკრება, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო. შეკრებამ მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, რის შემდეგაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტის შესაბამისად მიიღო პროპორციული ზომები კანონის დაცვის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებს შესაბამის ზომებს კანონდამრღვევების დასადგენად და მათ მიმართ კანონის აღსასრულებლად. ამასთან, გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებასძ, – ნათქვამია განცხადებაში.
შს სამინისტრო მოვუწოდებს ყველას, მხედველობაში მიიღონ ეს გარემოება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც მათ მიმართ სამართლებრივი ზომების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს.
შს სამინისტრომ 4 ოქტომბერს დააკავა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, დაკავებულებს „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა”.
4 ოქტომბერს, თბილისში მასობრივი საპროტესტო აქცია საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები პარალელურად, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დაიგეგმა.
მოქალაქეები ჯერ რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლეს, ათონელის ქუჩაზე. რამდენიმე მათგანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, ყველა ის ადამიანი კი, რომელიც მასში მონაწილეობდა, მკაცრად დაისჯება. მისი სიტყვებით, „30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი“.
