მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, ლევან ყაველაშვილის განცხადებით, ბურჭულაძე თავს მხნედ გრძნობს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ყაველაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს დილით მოინახულა.
„მასთან გამთენიისას ვიყავით მე და ჩემი კოლეგა შესული. იმის თქმა შეგვიძლია, რომ ბატონი პაატა მხნედ გრძნობს თავს. ის ამაყობს, რომ ამ ქვეყნის სიყვარულისთვის არის იქ, სადაც არის. ჯერ ბრალი წარდგენილი არ არის, შესაბამისად, ოფიციალურად, რას ედავებიან პაატა ბურჭულაძეს, არ ვიცით. როცა ოფიციალურად მოხდება ბრალის წარდგენა, ამის შემდეგ მეტ დეტალზე შევძლებთ საუბარს. ის კლინიკიდან თავდაპირველად ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გადაიყვანეს, შემდეგ უკვე იზოლატორში შეასახლეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, რა თქმა უნდა, გადაღლილია, იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის დაზიანება ჰქონდა მიღებული აქციის მიმდინარეობისას, თუმცა ახლა შედარებით ნორმალურადაა, უკეთაა, თავს მხნედ გრძნობს და აპირებს ბრძოლას“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, შსს-მ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები – პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა”.
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
