პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მუნიციპალიტეტში ხმების 70%-ზე მეტი მიიღო.
მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების ადმინისტრირებისთვის მადლობა გადაუხადა.
„პრაქტიკულად დასრულებულია ქვეყნის მასშტაბით ხმების დათვლის პროცესი. შედეგების თანახმად, ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მასშტაბით მიიღო 1.1 მლნზე მეტი ხმა. ეს არის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ძალიან მყარი ნდობის კიდევ ერთი დადასტურება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს ნდობა მაქსიმალურად გავამართლოთ. რაც შეეხება თბილისში პარტიულ შედეგს, ეს არის ყველაზე მაღალი შედეგი, რაც დაფიქსირებულა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და დედაქალაქის მოსახლეობასაც გვინდა მადლობა გადავუხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენმა პარტიამ მიიღო ხმების 70%-ზე მეტი, რაც შთამბეჭდავი შედეგია“, – განაცხადა კობახიძემ.
