მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, ლევან ყაველაშვილის განცხადებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ბურჭულაძე თავს მხნედ გრძნობს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
„მასთან გამთენიისას ვიყავით მე და ჩემი კოლეგა შესული. იმის თქმა შეგვიძლია, რომ ბატონი პაატა მხნედ გრძნობს თავს. ის ამაყობს, რომ ამ ქვეყნის სიყვარულისთვის არის იქ, სადაც არის. ჯერ ბრალი წარდგენილი არ არის, შესაბამისად, ოფიციალურად, რას ედავებიან პაატა ბურჭულაძეს, არ ვიცით. როცა ოფიციალურად მოხდება ბრალის წარდგენა, ამის შემდეგ მეტ დეტალზე შევძლებთ საუბარს. ის კლინიკიდან თავდაპირველად ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გადაიყვანეს, შემდეგ უკვე იზოლატორში შეასახლეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, რა თქმა უნდა, გადაღლილია, იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის დაზიანება ჰქონდა მიღებული აქციის მიმდინარეობისას, თუმცა ახლა შედარებით ნორმალურადაა, უკეთაა, თავს მხნედ გრძნობს და აპირებს ბრძოლას“, – განაცხადა ლევან ყაველაშვილმა, რომელმაც თავის დაცვის ქვეშ მყოფი პაატა ბურჭულაძე დროებითი მოთავსების იზოლატორში 5 ოქტომბერს დილით მოინახულა.
შს სამინისტრომ პაატა ბურჭულაძესთან ერთად 4 ოქტომბერს ასევე დააკავა „რუსთაველის გამზირის“ კიდევ ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, დაკავებულებს „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა”.
4 ოქტომბერს, თბილისში მასობრივი საპროტესტო აქცია საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები პარალელურად, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დაიგეგმა.
მოქალაქეები ჯერ რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლეს, ათონელის ქუჩაზე. რამდენიმე მათგანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, ყველა ის ადამიანი კი, რომელიც მასში მონაწილეობდა, მკაცრად დაისჯება. მისი სიტყვებით, „30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი“.
