ბოიკოტის კამპანიამ გავლენა მოახდინა – „ლელო“ ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ

„ლელო – ძლიერი საქართველო“, რომელის მერობის კანდიდატმაც ვერცერთ მუნიციპალიტეტში ვერ გაიმარჯვა, დამარცხების ერთ-ერთ მიზეზად ოპოზიციის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ბოიკოტის გამოცხადებას ასახელებს.
„განვითარებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ არჩევნებამდე 8 თვით ადრე დაწყებული ბოიკოტის კამპანია იყო კრიტიკული შეცდომა ოპოზიციის იმ ლიდერების მხრიდან, რომლებიც ამ პროცესის სათავეებთან იდგნენ. ამ განაცხადმა გავლენა მოახდინა საზოგადოებრივი აზრის არასწორად ფორმირებაზე და შესაბამისად, მთელ პოლიტიკურ პროცესზე, რომელმაც კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მისცა „ქართულ ოცნებას“ მიეტაცებინა ყველა იმ ოპოზიციური პარტიის ხმა, ვინც არ შემოვიდა ამ ბრძოლაში“, – წერია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში.
ამ პარტიამ ს პირველადი წინასწარი მონაცემებით, რომელიც 21:47 საათზე იყო ხელმისაწვდომი, საქართველოს მასშტაბით ხმების მხოლოდ 6,78%-ის მოგროვება შეძლო, მისმა პარტნიორმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ კი 3,86%. დამარცხების მიუხედავად, „ლელო“ მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობის „სტრატეგია ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“ იყო.
„ჩვენი ამოცანა იყო არ მიგვეცა “ქართული ოცნებისთვის” საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში ძალაუფლების მიტაცებისა და გამყარების საშუალება. რუსული რეჟიმის მიზანი იყო დემოკრატიული პროევროპული პარტიების პროცესიდან გათიშვა და ამით თბილისისა და საქართველოს რეგიონების სრულად მიტაცება“, – აღნიშნავენ პარტიაში.
ამავე განცხადების ერთი ნაწილი ეთმობა ს გაყალბებაზე ბრალდებას: „დღეს ჩვენ ვნახეთ სისტემური გაყალბების ფაქტები – “კარუსელი”, მოსყიდვა და მუქარით ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენა“.
ცესკოს პირველადი წინასწარი მონაცემებით „ქართული ოცნება“ იმარჯვებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, მათგან 26-ში, სადაც კონკურენტი არ ჰყავდათ, 100%-ით.