მურთაზ ზოდელავა პარლამენტთან, იმ დროს დააკავეს, როცა ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში ესაუბრებოდა. იმ დროისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ პოლიცია მისული იყო კლინიკა “ჰელსიკორში” – იქ, სადაც აქციიდან გადაიყვანა პაატა ბურჭულაძე სასწრაფო დახმარებამ. ამიტომ, ზოდელავა ეკოდა დაკავებას და ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ უნდოდა მოესწრო რაღაცების თქმა.
მან ისაუბრა დემონსტრაციის ორგანიზების საშუალებებზე, თქვა, რომ იღებს პასუხისმგებლობას 4 ოქტომბრის აქციაზე და რჩევები მისცა მათ, ვინც გააგრძელებს ბრძოლას.
“შეიძლება ნაკლებად კრეატიულები ვიყავი, ნაკლებად ორგანიზებულები, მაგრამ, გეუბნებით პირდაპირ, რომ დიქტატურაში პროცესების დონორს ვერ იპოვით. სერიოზულ ორგანიზებას ვერ მოახდენთ, იმიტომ, რომ დონორი თქვენთან თუ მოვიდა, ეს ნიშნავს, რომ უნდა გაყიდოთ სამშობლო, ან პრინციპები. სხვანაირად არავინ რესურსს არ ჩადებს, რომ უკეთ ორგანიზდეთ. ეს არის “შაპრგალკა”, რჩევები იმათთვის, ვინც გააგრძელებს ბრძოლას. აუცილებლად, ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ეს ერი შეუძლებელია ვინმემ დაამარცხოს, შეუძლებელია გადატეხოს. შეიძლება დაგვთრგუნონ, დაგვპრესონ, მაგრამ არ დავიმტვრევით. ეს ამ ერმა აჩვენა ფანტასტიკურად, დღეს. მინდა მოვასწრო [თქმა], რომ ორგანიზება რთულია, შეუძლებელიც, იმიტომ, რომ სრული დიქტატურაა. არ დაელაპარაკოთ [ფინანსურ] რესურსიან ხალხს, აზრი არ აქვს, მაგაში დრო არ დახარჯოთ. ეძებეთ თქვენნაირი გულანთებულები, თქვენნაირი ხალხი. იქ მეტი სარგებელი იქნება, მეტი თანადგომა იქნება და მეტ საიდუმლოს შენახვაც იქნება. ეს მნიშვნელოვანია ძალიან. ენდეთ იმათ, ვისი ნდობის შინაგანი გრძნობაც გაქვთ. თუ რაღაც გკარნახობთ, რომ არ უნდა ენდოთ – არ ენდოთ იმას. არ დანებდეთ, მოკლედ, რა. ჩვენ ვიყავით ალალი გულით. მე პირადად, ჩემ პასუხისმგებლობას არავის არ გადავაკისრებ, ჩემი პირადი ჯანყი იყო. არ ვნანობ”, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
