კობახიძე სთხოვს ევროკავშირის ელჩს საქართველოში, დაგმოს რაც ხდება თბილისის აქციებზე

“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი თბილისის აქციებზე პასუხისმგებლობას ევროკავშირის ელჩს აკისრებს და მისგან ითხოვს, “გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში”. მ ელჩის პასუხისმგებლობაზე 4 ოქტომბერს ორ ბრიფინგზე ისაუბრა.
საღამოს 9 საათზე მან თქვა, რომ ევროკავშირის პრესსპიკერი მხარს უჭერდა საქართველოში “დაანონსებულ კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას” და სწორედ ამის გამო აკისრებს პასუხისმგებლობას ელჩს.
„თქვენ იცით, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა პირდაპირი მხარდაჭერაც კი გამოუცხადეს საზღვარგარეთიდან ამ ყველაფერს, დაანონსებულ კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას.
მათ შორის, გამოვიდა ევროკავშირის პრესსპიკერი, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას. ასეთი სათაურით გამოცხადდა ეს აქცია და ამ აქციას გამოუცხადა მხარდაჭერა ევროკავშირის ოფიციალურმა პრესსპიკერმა.
ამ ფონზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოში ევროკავშირის ელჩს, გამოვიდეს, კეთილი ინებოს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში. ეს არის მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავდით, პირდაპირ ვისმენდით კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობის მიმართ მხარდამჭერ განცხადებებს. ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია ამასთან დაკავშირებით”, – თქვა მან.
გვიან ღამით გამართულ კიდევ ერთ ბრიფინგზე კი მ გაიმეორა:
“მოთმინებით დაველოდებით ასეთ გამოხმაურებებს იმ ფონზე, როდესაც საჯაროდ უცხადებდნენ მხარდაჭერას დამხობის აქციას. ბუნებრივია, კონკრეტულ ელჩებს, დიპლომატებს, პოლიტიკოსებს ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა, რომ კიდევ უფრო მკაფიოდ გაემიჯნონ ამ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ აწ უკვე გუშინდელ დღეს.”
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კობახიძე ევროკავშირის პრესსპიკერს აკრიტიკებს. მისი კრიტიკა მიემართება საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერ ანიტა ჰიპერს, რომლის პოზიციაც ტელეკომპანია “ფორმულამ” 24 სექტემბერს გაავრცელა.
ჰიპერმა “ფორმულას” 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის შესახებ დასმულ კითხვაზე ასე უპასუხა:
“სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში, აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უფლება მისცეს დემონსტრაციის, არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ, მათ ხმას მოუსმინონ.“
4 ოქტომბრისთვის თვითმმართველობის ს პარალელურად დაგეგმილი აქცია, რომლის საორგანიზაციო კომიტეტშიც იყვნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები” და საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, “მშვიდობიან რევოლუციას” ისახავდა მიზნად.
საღამოს 8-ის ნახევრისთვის თავისუფლების მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილმა ათონელის ქუჩაზე გადაინაცვლა, პრეზიდენტის სასახლის ასაღებად – სასახლეში შეჭრის მცდელობისას სპეცრაზმმა შეტევა წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით მოიგერია.