როგორ უნდა შეიცვალოს გარემოს ნარჩენებით დაბინძურების მავნე ჩვევა
საჯარო ან კერძო სივრცეში გარემოს ნარჩენებით დაბინძურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ზიანს აყენებს არა მხოლოდ ბუნებას, არამედ ველურ ცხოველებსა და ფრინველებს, რისკის ქვეშ აყენებს ინდივიდებისა და საზოგადოების ჯანმრთელობას, იწვევს დაავადებების გავრცელებას.
გარემოს ნარჩენებით დაბინძურება უკანონო და არასათანადო ქცევაა, რომელიც გულისხმობს გარემოში დამაბინძურებელი ნივთიერების შემცველი ნარჩენის (როგორებიცაა სიგარეტის ნამწვი, საკვების შესაფუთი მასალა, პლასტმასის ბოთლები და სხვა) მოხვედრას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გარემოზე ან ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება.
აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავების მიზნით კი საჭიროა, გავუფრთხილდეთ გარემოს და გავხდეთ მისი დამცველები. ამ მიზნის მიღწევა კი ორგანიზაციებისა და ინდივიდების ერთობლივი ძალისხმევით და გარკვეული აქტივობებით არის შესაძლებელი:
· ცნობიერების ამაღლება და სოციალური ნორმების გამტკიცება სხვადასხვა კამპანიებისა და ინიციატივების მეშვეობით
ქცევის შეცვლის პროცესში მნიშვნელოვანია ადამიანების მოტივირება. ამისათვის, ეფექტური გზა ისეთი საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელებაა, რომლებიც იყენებენ პოზიტიურ და მამოტივირებელ გზავნილებს და არ კონცენტრირდებიან მხოლოდ ნეგატიურ შედეგებზე.
ადგილობრივ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით კი შესაძლებელია ისეთი სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც მიმართული იქნება უშუალოდ ადგილობრივ საჭიროებებსა და გამოწვევებზე.
ინიციატივების ეფექტურობის განსაზღვრისთვის კი მნიშვნელოვანია, მუდმივად გაიზომოს განხორციელებული აქტივობების შედეგები, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სტრატეგიის ადაპტაცია.
· ადგილობრივ ბიზნესებთან და საკითხით დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა
ნარჩენებთან გამკლავების პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რათა გაიზარდოს ინიციატივის მასშტაბურობა და მაქსიმალურად მორგებული იყოს ადგილობრივ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე.
ასეთ ინიციატივებს მიეკუთვნება გარემოს დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება, რაც ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და ინდივიდების პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.
· ურნების ხელმისაწვდომობის ზრდა – მათი განთავსება სტრატეგიულ ლოკაციებზე
ადამიანების ქცევის ცვლილების პროცესში, ხელშემწყობი ინსტრუმენტების არსებობას გადამწყვეტი როლი ენიჭება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორ ადგილებში შესაბამისი ინვენტარის არსებობა, რომელიც ადამიანების ყურადღებას მიიქცევს. ასევე, შესაძლებელია ინვენტარზე ან მის გარშემო სივრცეში მამოტივირებელი მესიჯების, ინსტალაციების განთავსება ან ინტერაქციული ინიციატივების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებში სწორი ქმედების წახალისებას.
ამასთან, ურნების განთავსება უნდა მოხდეს სტრატეგიულ ლოკაციებზე – იქ, სადაც ადამიანების დიდი რაოდენობა მოძრაობს, მრავალი საკვები ობიექტია განთავსებული, ან მაღალი დაბინძურების დონეა.
· მრავალჯერადი მოხმარების პროდუქტების წახალისება
ნარჩენების შემცირების მიზნით, მნიშვნელოვანია ადამიანებმა არჩევანი მრავალჯერადი მოხმარების პროდუქტებზე შეაჩერონ და შეამცირონ ერთჯერადი ნივთების (ჭიქები, თეფში, სხვ.) გამოყენება.
ამ მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას კი მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.
რა არის შემდეგი?
„მსოფლიოს დასუფთავების დღე“ გლობალური მოძრაობაა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში ნარჩენების შემცირებას.
მოძრაობის მიზანია, მოსახლეობამ გააცნობიეროს პლანეტისა და ბუნების მიმართ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.
როგორ შეგიძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანოთ გარემოზე ზრუნვის პროცესში?
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადგილობრივ ორგანიზაციებს და ჩაერთოთ გარემოს დასუფთავების ინიციატივებში, ან თქვენ თავად დააორგანიზოთ აღნიშნული ღონისძიება.
რატომ არის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვით ინიციატივებში მონაწილეობა?
ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და ნარჩენების კრიზისთან გასამკლავებლად დროული გადაწყვეტების მიღებას, რაც გარემოსთვის უკეთეს მომავალს განაპირობებს.
დედამიწა ჩვენი სახლია და მასზე ზრუნვა – ჩვენი პასუხისმგებლობაა. ამიტომ, უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს.
marketer.ge
