ტელეკომპანია “იმედის“ დაკვეთით, კომპანია “გორბის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით მიხედვით, თბილისში, საკრებულოს არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 76.3% მიიღო, „ძლიერი საქართველო-ლელომ“ – 7.1%, „გირჩმა“ 6.8%, „კონსერვატორები საქართველოსთვის“ 3.3%, ხოლო სხვა პარტიები – 6.5%.
რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ ხმების 77.4% მიიღო, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ხმების 8.8% მიიღო, იაგო ხვიჩიამ 6.7%, ხოლო ზურაბ მახარაძემ 3,2%.
არჩევნების მიმდინარეობის პარალელურად, საპროტესტო აქცია 16 საათზე დაიწყო.
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდა.
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ია. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობა 3 130 348 ამომრჩეველმა მიიღო. წელს პირველად არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას ჰქონდა. გადასატან ყუთზე ცესკოში 60 754 განაცხადი შევიდა.
4 ოქტომბერს საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნა. კენჭისყრის პროცესი კი 08:00 საათზე დაიწყო.
კენჭისყრის შენობა 20:00 საათზე დაიკეტა.
კანონის გათვალისწინებით, ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს აღრიცხავს, მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აცნობებს, ხოლო კომისიის მდივანი რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს.
საზღვარგარეთ უბნები არ გახსნილა.
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებს 28 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა, მათ შორის, ყველაზე მეტი (20 ადამიანი) სერბეთში რეგისტრირებულმა Association „ALTERFACT“ დაარეგისტრირა;
· 27 ადგილობრივი ორგანიზაცია – მათ შორის ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავს „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას“ (2973) და „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერს“ (2902).
· არჩევნებს პირველად არ აკვირდებიან მრავალწლიანი სადამკვირვებლო გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები: „სამართლიანი არჩევნები“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და სხვები.
· მისიას არ აგზავნის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი. ორგანიზაციის წარმომადგენლობის განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებით ადრე მიწვევა „არასაკმარის დროს ტოვებს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის“.
არჩევნებში მონაწილეობს 12 პარტია:
· #1 – „მამული, ენა, სარწმუნოება“;
· #3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“;
· #5 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;
· #7 – „თავისუფალი საქართველო“;
· #8 – „პატრიოტთა ალიანსი“;
· #9 – „ძლიერი საქართველო-ლელო“;
· #11 – „საქართველო“;
· #12 – „მწვანეთა პარტია“;
· #14 – „სახალხო ხელისუფლება“;
· #25 – „გახარია საქართველოსთვის“;
· #36 – „გირჩი“;
· #41 – „ქართული ოცნება“.
მუნიციპალიტეტების ერთ ნაწილში მერობის ერთადერთი კანდიდატი იყო:
· ჯამში 64 მუნიციპალიტეტიდან 26-ში, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატებს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში კონკურენტები არ ჰყავდათ;
· „ლელო – ძლიერ საქართველოსა“ და „გახარიას საქართველოსთვის“ 29 მუნიციპალიტეტში არ დაუყენებიათ მერობის კანდიდატი.
თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობდნენ გასულ საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედედეგის მქონე ორი პოლიტიკური გაერთიანება:
· „კოალიცია ცვლილებისთვის“ – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, დროა;
· „ნაციონალური მოძრაობა“.
· არჩევნებში მონაწილეობაზე უარს თქვეს „ფედერალისტებმაც.”
