“ჰუსიტები” აშშ-სა და ბრიტანეთს ემუქრებიან

ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალებმა 12 იანვარს გამთენიისას იემენში საჰაერო დარტყმები განახორციელეს “ჰუსიტების” ობიექტებზე. შეტევები განხორციელდა დედაქალაქ სანაში, ჰუდაიდას წითელი ზღვის პორტში, საადის ჩრდილო-დასავლეთ სიმაგრეში. საპასუხო მუქარები ისმის, როგორც “ჰუსიტებისგან”, ისე მათი მხარდამჭერი ირანისგან. განახლებულ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე BBC ავრცელებს.
-ს პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ეს დარტყმები პასუხია ირანისგან მხარდაჭერილი ჰუსიტების შეტევებზე, რაც მათ ნოემბრიდან მოყოლებული, წითელ ზღვაში ხომალდებზე განახორციელეს. ნიდერლანდები, ავსტრალია, კანადა და ბაჰრეინი კი მისიის მონაწილეები და მხარდამჭერები არიან.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერი ამბობს, რომ დარტყმები “ლიმიტირებული, აუცილებელი და პროპორციული ქმედებაა თავდაცვის ფარგლებში”.
“ჰუსიტების” ლიდერები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ აშშ და გაერთიანებული სამეფო მალე მიხვდებიან, საჰაერო დარტყმების განხორციელების შესახებ მათი ეს გადაწყვეტილება “უდიდესი სიბრიყვეა, რაც მათ მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ჩაუდენიათ”.
ჰუსიტების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აფრთხილებს აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს, დიდი საფასურის გადახდა მოუწევთ მათი მხრიდან იემენზე მიტანილი “ამ ღია აგრესიის” გამო.
საჰაერო დარტყმებს გამოეხმაურა “ჰუსიტების” მხარდამჭერი ირანიც – “საჰაერო დარტყმები იემენის ტერიტორიული მთლიანობის ცალსახა რღვევაა”.
ერაყის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს განცხადებას და დასავლეთს ბრალს სდებს ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის მთელ რეგიონზე გადადებაში.
აშშ-ს კონგრესში არაერთგვაროვანი რეაქციები აქვთ ბაიდენის გადაწყვეტილებებზე. როგორც BBC იუწყება, ბაიდენმა რესპუბლიკელი სენატორებისგან შექება დაიმსახურა, თანამოაზრე დემოკრატების ნაწილისგან კი – კრიტიკა.
კრიტიკის ავტორი დემოკრატები თვლიან, რომ ბაიდენს საჰაერო დარტყმების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება კონგრესთან შეთანხმებით უნდა მიეღო და ქვეყანა არ უნდა “ჩაეთრია ახლო აღმოსავლეთის მორიგ ათწლიან კონფლიქტში”.
“ჰუსიტები” იემენის უმცირესობაში მყოფი შიიტი მუსლიმების შეიარაღებული დაჯგუფებაა. ისინი, “ჰამასთან” და “ჰეზბოლასთან” ერთად, თავს ირანისგან მართული “წინააღმდეგობის ღერძის” ნაწილად აცხადებენ, რომელმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ისრაელს, აშშ-სა და მთლიანად დასავლეთს.
“ჰუსიტები” იემენის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ. ღიად აცხადებენ, რომ “ჰამასის” მხარდასაჭერად, სკენ მიმავალ გემებს გაანადგურებენ და დაიწყეს კიდეც თავდასხმები წითელ ზღვაში გემებზე, რომლებიც 7 ოქტომბერს ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ ისრაელისკენ მიემართებოდნენ. მათგან მომავალი საფრთხე იმდენად დიდია, ამ მთავარ სავაჭრო გზაზე გადამზიდმა კომპანიებმა ცურვა შეწყვიტეს, რასაც თავის მხრივ დიდი ეკონომიკური ზარალი მოჰყვა.