უელსის პრინცი პირობას იძლევა, რომ გამეფების შემდეგ, მონარქიულ მმართველობაში ცვლილებებს შეიტანს. „არა რადიკალურ ცვლილებებს, მაგრამ ისეთს, რომლებიც, ჩემი აზრით, აუცილებელია“, – განაცხადა უილიამმა მსახიობ იუჯინ ლევისთვის უინძორში მიცემულ ინტერვიუში.
„ვფიქრობ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცვლილებები ნამდვილად შედის ჩემს დღის წესრიგში“, – აღნიშნა უელსის პრინცმა ინტერვიუში, რომელზეც BBC-ს მიუწვდება ხელი.
BBC
„ცვლილებები ყოველთვის ხდება. მე ეს მომწონს და მისი არ მეშინია. მსურს, შევძლო გარკვეული ცვლილებების განხორციელება. ოღონდ, არა ზედმეტად რადიკალურის, არამედ ისეთის, რომლებიც, ჩემი აზრით, აუცილებელია“, – აღნიშნა მან გამოცემა The Reluctant Traveller-თან ინტერვიუში. სამეფო სახლის წყაროების თქმით, ეს უილიამის ყველაზე ღია და გულწრფელი საუბარი იყო.
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის უფროსი ვაჟი ხაზს უსვამს ტრადიციების მნიშვნელობას და არც მონარქიასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გაცემა აშინებს.
„არის შემთხვევები, როდესაც საკუთარ თავს ვეკითხები: რამდენად მისაღებია ან შეესაბამებიან ისინი (ტრადიციები) დღევანდელობას? ჯერ კიდევ ემსახურებიან თუ არა ისინი დღევანდელ მიზნებს? სწორია თუ არა მათი დაცვა?“, – ამბობს უილიამი.
ინტერვიუს დროს, რომელიც უინძორის სასახლეში შედგა, უელსის პრინცმა სამეფო ოჯახის ისტორიაზეც ისაუბრა.
„ვფიქრობ, თუ ადამიანი ფრთხილად არ იქნება, წარსული მისთვის შეიძლება ნამდვილ ტვირთად და ღუზად იქცეს. მას შეიძლება გაუჩნდეს გრძნობა, რომ ეს ტვირთი ახრჩობს ან ზედმეტად ზღუდავს“, – აღნიშნა მან.
ბრიტანეთის მემკვიდრე თავისი ოჯახის თემასაც შეეხო და აღიარა, რომ ზოგჯერ „დაძაბულად“ გრძნობს თავს.
„როდესაც საქმე ეხება ოჯახს და მსგავს საკითხებს, სწორედ მაშინ ვიძაბები ცოტათი, რადგან როგორც ადამიანების უმეტესობა, მეც ვფიქრობ, რომ ეს პირადული სფეროა“, – განაცხადა მან (ამაში უელსის პრინცი მამის, ჩარლზ III-ის და მეუღლის, კეიტის კიბოს დიაგნოზს გულისხმობდა).
გასულ წელს კეიტმაც და 76 წლის ჩარლზ III-მაც კიბოს მკურნალობა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე რემისიაშია, უილიამი მიიჩნევს, რომ ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი, რაც მას ოდესმე ჰქონია.
„ცხოვრება გვცდის. ზოგჯერ ეს შეიძლება ძალიან რთული იყოს, და სწორედ ამის გადალახვა გვაქცევს იმად, ვინც დღეს ვართ. ძალიან ვამაყობ ჩემი მეუღლითა და მამით იმის გამო, თუ როგორ გაართვეს თავი ყოველივე ამას გასულ წელს. ჩემი შვილებიც შესანიშნავად იქცეოდნენ“, – აღნიშნა მან.
უილიამმა ასევე ისაუბრა მედიის მხრიდან მამამისის და გარდაცვლილი პრინცესა დიანას ქორწინების ბოლო პერიოდის ინტენსიურ გაშუქებაზე და პირობა დადო, რომ თავის შვილებს მედიის ნებისმიერი ზედმეტი ჩარევისგან დაიცავს.
„დავიფიცე, რომ ჩემს ოჯახს ეს არასოდეს შეეხება. ძალიან კარგად ვიცი, თუ სად გადის ეს ზღვარი და ვინც მას გადაკვეთს, უნდა იცოდეს, რომ აუცილებლად შევებრძოლები“, – განაცხადა უილიამმა.
წყარო: 1 არხი
