სახელმწიფო დღეს არის ძალიან ძლიერი, ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა – ეს ტემპი არაფრის დიდებით არ შეჩერდება, ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, კიდევ უფრო მეტად დავიწყოთ ქვეყნის გაძლიერება,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი შეფერხება, რის გამოც, უფრო მეტი ტემპით არ ვითარდება საქართველო, „არის გარედან მართული რადიკალების ქმედებები”.
„საქართველოს მოქალაქეები მინდა პირველ რიგში გავამხნეო, მადლობა გადავუხადო. რომ არა საქართველოს უმრავლესობის გონიერება და სიბრძნე, ჩვენი ქვეყანა ამ განვითარების ეტაპზე არ იქნებოდა. ქედს ვიხრი, საზოგადოების უმრავლესობის წინაშე, ვინც კარგად ერკვევა არსებულ ვითარებაში და არჩევანს ყოველთვის აკეთებს საქართველოს განვითარების მიმართულებით. ერთადერთი შეფერხება, უფრო მეტი ტემპით რომ არ ვითარდება საქართველო, ეს არის გარედან მართული რადიკალების ქმედებები, რომლებიც ამ ყველაფერს უარყოფენ.
აქ წარმოდგენილი ერთ-ერთი გარედან დაფინანსებული რადიკალური ფრთის ტელევიზიის წარმომადგენელი ცდილობს, ეს ყველაფერი უგულებელყოს, როგორც ტრამპთან შეხვედრა, ისე ურთიერთობების, საზოგადოების და სახელმწიფოს წარმატების აღიარება.
ასევეა საზოგადოების მცირე რაოდენობა, რომელიც მოტყუებულია, ზოგი დაფინანსებულია, სამწუხაროდ ამ სიცრუის ქვეშ არიან, ახორციელებენ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ქმედებას. ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. საზოგადოება ბრძენია. ის გამოცდილება, რაც საზოგადოებამ შეიძინა, ის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარების ტემპები, ყველასთვის მისაბაძია. სახელმწიფო დღეს არის ძალიან ძლიერი, ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა, ამიტომ ყველა ინსტიტუციას თავისი ვალდებულება აქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა შეასრულებს თავის სახელმწიფოებრივ ვალდებულებას, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. არჩევანი მარტივად გასაკეთებელია, ეს ტემპი არაფრის დიდებით არ შეჩერდება, ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, კიდევ უფრო მეტად დავიწყოთ ქვეყნის გაძლიერება, გამთლიანება”,- აღნიშნა ყაველაშვილმა.
