ბიზნესმენი რესან ქიქავა სოციალურ ქსელში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება. მისი აზრით, სანამ ქვეყანაში სასამართლო და სხვა საჯარო ინსტიტუტები თავისუფალი არ იქნება, საქართველოში ცხოვრება „მუდმივ წვალებასთან, შფოთვასთან და ცვლილებებისთვის ბრძოლის სურვილთან იქნება ასოცირებული“.
“ყველა ჩემიანმა იცით, მაგრამ მაინც მინდა, კარგად გააცნობიეროთ. როცა ამბობენ, რომ რუსთაველზე “ასეთები” დგანან, “ისეთები” დგანან, “ამის” გამო, “იმის” გამო.
რუსთაველზე ვდგავარ – მე. ვდგავარ იმიტომ, რომ ერთი რამ ვიცი დანამდვილებით. თავისუფალი სასამართლოს, პოლიციის და პროკურატურის გარეშე, თავისუფალი ეკლესიის, სხვა საჯარო, თუ კერძო ინსტიტუტების გარეშე, მაღალი ხარისხის განათლების, ჯანდაცვის და მეცნიერებების გარეშე, ყველა სფეროში, მაგრამ განსაკუთრებით (!), სახელმწიფოს მართვაში – პროფესიონალიზმის, სამართლიანობის და კეთილსინდისიერების ზეობის გარეშე, ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში ცხოვრება, იქნება მუდმივ წვალებასთან, შფოთვასთან და ცვლილებებისთვის ბრძოლის სურვილთან ასოცირებული.
და ამ ყველაფრის საპირისპირო, არის “რუსული” სახელმწიფო, არის ის, რაშიც ვცხოვრობთ დღეს. ამ ყველაფრის საპირისპირო, ხდება ყველგან, სადაც არის ავტოკრატია, ყველგან, სადაც “ებრძვიან მტრებს” და ამ მიზეზით უნდათ დაუსრულებლად, უკანონოდ და უსამართლოდ მართონ ქვეყანა.
ამიტომ ვდგავარ მე რუსთაველზე.
იმიტომ, რომ “სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი.”
იმიტომ, რომ “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი.”
და იმიტომ, რომ ჩემი დგომით, თქვენთვისაც მქონდეს იქ “ადგილი შენახული” და გახსენებდეთ, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
მინდა, იცოდეთ და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ “რუსთაველი” არ დასრულდება, სანამ ეს მოცემულობა არ შეიცვლება.
და სანამ იქ ერთი ადამიანი მაინც იდგება.
და მე, როგორც ის ერთი ადამიანი, რუსთაველზე აუცილებლად, ყოველთვის ვიდგები.
დანარჩენი, თქვენი სინდისისთვის მომინდვია“, – წერს რესან ქიქავა სოციალურ ქსელში.
