„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის ინფორმაციით, თბილისში საარჩევნო უბნების ნაწილში, მოქალაქეებზე 2-2 ბიულეტენი გაიცა, რეგიონებში კი საარჩევნო უბნებთან პირდაპირ მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვა.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის რამდენიმე უბანზე კვლავ არ აძლევენ პარტიის წარმომადგენლებს ვიდეომონიტორინგის განხორციელების საშუალებას.
„10:00 საათისთვის მდგომარეობა დამძიმებულია მთელი საქართველოს მასშტაბით. განსაკუთრებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, თბილისის მასშტაბით, კრიმინალური ოპერაცია აწარმოოს და ყველა საარჩევნო უბანზე რაღაც ტიპის დარღვევები ვლინდება. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები, რაც ამ მომენტისთვის ფიქსირდება და თან სისტემატურად, ეს არის თბილისში 51-ე უბანი, სადაც გაიცა ორი ბიულეტენი, რის გამოც დაიწერა საჩივარი. სამგორში უკვე მეორედ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, ჯერ 37-ე უბანზე, მერე კი 51-ე უბანზე. ანუ ვლინდება ტენდენცია, რომ 2-2 ბიულეტენის გაცემა ხდება მათ ადამიანებზე და 2-2 ბიულეტენით აძლევენ ხმას. ამ დარღვევის სისტემურობა უკვე გამოვლენილია. აგრეთვე აუღებელ ციხე-სიმაგრედ რჩება ნაძალადევის 33-ე უბანი, სადაც ჩვეულებრივი კრიმინალური სინდიკატი მოქმედებს, ვინმე ნოზაძის ხელმძღვანელობით, რომელიც აბსოლუტურად ყველა დანაშაულისთვის იქნება პასუხისგებაში მიცემული. არ გვაძლევენ საშუალებას კამერის სწორად დაყენების და გამოვლინდა ის თუ რის გამოა ეს ზეწოლა. არ უნდათ, რომ იქ კამერა იდგეს. გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა ადამიანებს, რომლებიც იქ შევიდნენ და სახის დაფარვით უკან გამოვიდნენ, რაც მიანიშნებს იქითკენ, რომ იქ „კარუსელი“ ტრიალებდა. ისე გამწარებული ებრძვის ეს ქალბატონი კამერას, იმიტომ, რომ იქ დაორგანიზებული ჰქონდათ, სავარაუდოდ, „კარუსელი“. გარეთაც გვაქვს ამის შესახებ კადრები. აგრეთვე პრობლემური უბანია მთაწმინდაზე, 58-ე სკოლაში მდებარე უბანი, სადაც ჩვენი კამერა უბრალოდ გამორთეს. მინდა საზოგადოებას მკვეთრად ვუთხრა, რომ ჩვენ ლაივსტრიმი გაშვებული გვაქვს ტრადიციულად თბილისის ძველი უბნებიდან. ყველაზე მძიმე 10-12 უბანი გვაქვს არჩეული, სადაც ტრადიციულად სულ გაყალბებაა, სულ კრიმინალები დგანან გარეთ, სულ პოლიციის ზეწოლა არის და შემჩნეულია ამ უბანზე დარღვევების ტენდენცია. „ქართული ოცნება“ ამ ტრადიციას არ არღვევს და ისევ ამ უბნებზე, მიუხედავად კამერებისა, არის პრობლემები. თბილისის მასშტაბით, უკვე ათეულობით საჩივარია დაწერილი სხვადასხვა სიმძიმის ფაქტებზე. აგრეთვე საჩივრები იწერება რეგიონებში. საარჩევნო უბნებთან პირდაპირ მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვა. კონკრეტული ფაქტები გვაქვს უკვე. მაგალითად: ბათუმში, მე-15 უბანში, პირდაპირ საარჩევნო უბანთან არის სამარშრუტო ტაქსი ჩამომდგარი, სადაც არიგებენ ფულს, აგრეთვე მსგავსი შემთხვევა, ზუსტად იდენტური, არის დაფიქსირებული მუხიანში, 75-ე და 62-ე საარჩევნო უბნებზე. აქაც დავაფიქსირეთ ფულის დარიგების ფაქტი“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
