ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს და პროექტ Welcome to Georgia-ს მმართველ პარტნიორს მაია სიდამონიძეს იმედი აქვს, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდება.
უვიზო მიმოსვლის შეჩერება დიდი დარტყმა იქნება ყველასთვის, მათ შორის ტურიზმისთვის – თქვა მაია სიდამონიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად.
“თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ეს იქნება დიდი დარტყმა როგორც ინდივიდუალურად ყველა მოქალაქისთვის, ვინც დღეს თავისუფლად, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების და ფინანსური ანგარიშვალდებულების წარდგენის გარეშე მოგზაურობს. ძალიან დაზარალდებიან გამყვანი ტურისტული სააგენტოებიც, რომლებსაც ბიუჯეტში შემოსავალი შეაქვთ; ასევე, უვიზოს გაუქმება შეეხება Wizz Air-ის ოპერირებასაც, რადგან თუ მგზავრთნაკადი შემცირდა, რეგიონში ავიაკომპანიის ბიზნეს-ინტერესიც შემცირდება და ა.შ. თუმცა იმედი მაქვს, საქმე აქამდე არ მივა“, – განაცხადა მან.
„წერტილთან“ ინტერვიუში ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, ზოგადად, ტურიზმის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზეც ისაუბრა. მაია სიდამონიძეს მიაჩნია, რომ covid-პანდემიის შემდეგ, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიამ თვითრეაბილიტაცია ვერ მოასწრო, რადგან ქვეყანაში ტურბულენტური ფაზები საკმაოდ ხშირია და ასეთ პირობებში, ბიზნეს-საქმიანობა რთულია.
„გვჭირდება სტაბილური ბიზნესგარემო და გახსნილი ეკონომიკა. არ გვინდა იზოლაცია, არ გვინდა ჩაკეტილობა. გვსურს, ვიყოთ დემოკრატიული სახელმწიფო, რაც ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო პირობებს უზრუნველყოფს… ახლა კი, გვაქვს გამოწვევებით სავსე გარემო“, – აღნიშნა მან.
bm.ge
