ე.წ. კადეტთა კორპუსის ისტორიული შენობის ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

თბილისის განვითარების ფონდი თაბუკაშვილის ქ. N46-ში მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. შენობის ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა, ხოლო შიდა ფართების სრული რეაბილიტაცია და რემონტი წლის ბოლოსთვის დასრულდება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სამუშაოებს დედაქალაქის მერი ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„ე.წ. კადეტთა კორპუსი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. აღნიშნულ შენობაში ცხოვრობდა 100-მდე ოჯახი და მათი ყოველდღიური ცხოვრება შეიცავდა საფრთხეს. ჩვენ ამ ადამიანებს დავპირდით, რომ აღნიშნული საცხოვრებელი შენობა იქნებოდა სრულად რეაბილიტირებული, განახლებული და ყოველმხრივ მოწესრიგებული. მეამაყება, რომ კიდევ ერთი განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა შეემატა თბილისს. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, რითაც უნდა ვიამაყოთ და მომავალშიც გავაგრძელოთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება. სარემონტო სამუშაოები დეკემბრისთვის დასრულდება და მესაკუთრეებს გადაეცემათ გარემონტებული საცხოვრებელი ფართები. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტზე მუშაობდა – თბილისის განვითარების ფონდს, მის ხელმძღვანელს, თითოეულ თანამშრომელს, კომპანიებს. განსაკუთრებული მადლობა აქ მცხოვრებ ოჯახებს მოთმინებისთვის, თანამშრომლობისთვის. მარტივი არ არის ამდენი ხნის განმავლობაში ადამიანმა ქირით იცხოვროს, მაგრამ თქვენ გამოგვყევით, დაიჯერეთ ჩვენი და დღეს ხედავთ, რამდენად წარმატებული პროექტი გამოვიდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის განვითარების ფონდის თანამშრომლებს, ადგილობრივ მცხოვრებლებსა და შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებს მადლობა თბილისის მერის მოადგილემაც გადაუხადა.
„ერთ-ერთი გამორჩეული დღეა ჩვენი ქალაქისთვის, რადგან ასეთი უნიკალური, რეაბილიტირებული შენობა დაუბრუნდა დედაქალაქს. აღნიშნული პროექტის განხორციელება ორმაგად უფრო სასიხარულოა, რადგან თავისი იერსახიდან და ისტორიიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი შენობაა. აქ მცხოვრებ 100-მდე ოჯახს წლის ბოლომდე გადაეცემათ გარემონტებული ბინები, რომლის საბაზრო ღირებულება მინიმუმ გაორმაგებულია. ამ ეტაპზე, სრული სარეკონსტრუქციო სამუშაოები და ეზოს მოპირკეთება დასრულებულია, საბავშვო სივრცე და სტადიონი მოეწყო. მადლობა ყველას – თბილისის განვითარების ფონდის თითოეულ თანამშრომელს, იმ კომპანიებს, ვინც პროცესში არიან ჩართული და განსაკუთრებული მადლობა მოსახლეობას“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 28 018 544 ლარს, შენობის სამშენებლო ფართი კი 12 594 კვ.მ-ია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცემა სრულიად განახლებული, რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართები, რომელთა უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება, ხოლო ისტორიულ ქალაქს კიდევ ერთი რეაბილიტირებული შენობა შეემატება.
„ე.წ. კადეტთა კორპუსის შენობა მე-19 საუკუნის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს. მისი ისტორია 1871 წლიდან იწყება, როდესაც ქალაქში დაწყებითი სამხედრო სკოლა გაიხსნა.
შესრულებული სამუშაოები კახა კალაძესთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა თამაზ ალიბეგაშვილმა დაათვალიერეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – წინა აქციებზე იყო 3 მძიმე ინციდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება: როგავას, ახალგაზრდა მამაკაცისა და ხაბეიშვილის შემთხვევები – იყო „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ შემთხვევა, რაც არ უკავშირდებოდა ძალოვან სტრუქტურებს