შალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს ასამბლეას სულ ოთხი რეზოლუცია აქვს მიღებული – 2007-2011 წლებში და არაფერი აქვს ნახსენები არც 7 ნოემბერზე, არც 26 მაისზე, არც პატიმრების წამებაზე, არც ქონებების ჩამორთმევაზე

ევროსაბჭოს ასამბლეას სულ ოთხი რეზოლუცია აქვს მიღებული – 2007-2011 წლებში და არაფერი აქვს ნახსენები არც 7 ნოემბერზე, არც 26 მაისზე, არც პატიმრების წამებაზე, არც ქონებების ჩამორთმევაზე. იმ ყველაფერზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მტკიცებულებებით აქვს მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გუშინ მიღებული რეზოლუცია შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, რეზოლუცია ინიციირებული იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველი ჯგუფია და რამდენიმე დღის წინ ამ პარტიის შეკრებაზე გამოდიოდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები.
,,რეზოლუცია “ევროპის სახალხო პარტიის” მიერ იყო ინიციირებული, რომელიც “ნაცმოძრაობის” მფარველი ჯგუფია. რამდენიმე დღის წინ, მათ შეკრებაზე “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები გამოდიოდნენ. ის პარტია, რომელიც საქართველოში დამხობასა და ძალადობას აანონსებს, თავის წევრად ჰყავთ, ხელს ართმევენ და მათთან სალონური ურთიერთობა აქვთ. ეს იმას ადასტურებს, რომ “ევროპის სახალხო პარტია” ღირებულებებისგან დაცლილი პოლიტიკური მიზნების მქონე ორგანიზაციაა.
რაც შეეხება რეზოლუციას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 612 წევრი ჰყავს და თუ არ ვცდები, დოკუმენტს 65-მა დაუჭირა მხარი. წარმოიდგინეთ, საქართველოს პარლამენტი კანონებს 15 დეპუტატით რომ იღებდეს. ეს აჩვენებს, რამხელა აბსურდია და რეზოლუციებს როგორი დაბალი მხარდაჭერა აქვს. რეზოლუციებს ასეთი სახით რომ იღებენ, ეს ცალკე სკანდალია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სულ ოთხი რეზოლუცია აქვს მიღებული – 2007-2011 წლებში, როცა “ნაცმოძრაობა” იყო. ამ რეზოლუციებში არაფერია ნახსენები არც 7 ნოემბერზე, არც 26 მაისზე, არც პატიმრების წამებაზე, არც ქონებების ჩამორთმევაზე. იმ ყველაფერზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მტკიცებულებებით აქვს მიღებული”,-განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩადენილ ძალადობასა და დანაშაულებზე არასოდეს ერთი სიტყვა არ დაუძრავს.
,,წინა რეზოლუციაში “ნაციონალური მოძრაობა” მაშინ გაახსენდათ, როცა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური პატიმარი უწოდეს და ახლა, როცა ქართველ ხალხს ამ რეზოლუციით თავს დაესხნენ. ეს ყველაფერი სამწუხარო მდგომარეობაა. არ დაგვავიწყდეს, რომ PACE რაღაც ცალკე სტრუქტურა არ არის, იქ სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები არიან. ასეთ პარლამენტარებს კიდევ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში ვხედავთ, როგორ ანტიქართულ პოლიტიკას ატარებენ. მთელი საკითხიც ის არის, რომ ყველას თვალში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია იმდენად გაუფასურდა, რომ კენჭისყრაზე 612 წევრიდან 65 წევრი მივიდა და მონაწილეობა მიიღო – რეზოლუციებს იმის ღირსადაც არ თვლიან, რომ კენჭისყრაზე მივიდნენ და მასში მონაწილეობა მიიღონ. საქართველოში ამ რეზოლუციებს ხუთწუთიანი ეფექტი აქვს – ამ რეზოლუციას რომ ვნახავთ ხოლმე, ჯერ ჩავისუნთქავთ, შემდეგ ამოვიოხრებთ, როცა მივხვდებით, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთ სასწაულ სისულელეს ისმენს”,-განაცხადა პაპუაშვილმა.