ფინეთის სასამართლომ რუსული ნავთობტანკერისა და ქართველი კაპიტნის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

ფინეთის სასამართლომ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო გემის ქართველი კაპიტნისა და მეზღვაურების საქმეზე, რომელთაც ბრალად 2024 დეკემბერში ფინეთსა და ესტონეთს შორის, ბალტიის ზღვაში გამავალი, წყალქვეშა ელექტროსადენის დაზიანება ედებოდათ.
ჰელსინკის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფინეთის იურისდიქცია რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერის Eagle S-ის კაპიტნისა და მისი თანაშემწეების გასამართლების შესაძლებლობას არ იძლევა.
სასამართლოს 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ფინეთის სახელმწიფომ უნდა დაფაროს მეზღვაურებისთვის სასამართლო ხარჯები, რაც 195 000 ევროს შეადგენს.
პროკურორი მოითხოვდა, რომ კაპიტან დავით ვადაჭკორიასა და მისი თანაშემწეების, რობერტ ეგიზარიანისა და სანტუშ კუმარ ჩაურასიასთვის სასჯელის ზომად ითხოვდა პატიმრობას სულ მცირე 2 წლითა და 6 თვით. თანაშემწეებიდან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე ინდოეთის.
სასამართლოში ეს საქმე აგვისტოს ბოლოდან განიხილებოდა. გამოიკითხა რამდენიმე მოწმე და წარმოდგენილი იქნა წერილობითი მტკიცებულებები. საქმეს დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში იძიებდნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ Eagle S-ის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების უფლება ეკუთვნის ან იმ სახელმწიფოს, რომლის დროშასაც ატარებს გემი, ან იმ ქვეყნის სასამართლოებს, რომელთა მოქალაქეებიც არიან ბრალდებულები.
პროკურატურა ამტკიცებდა, რომ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერმა 2024 წლის დეკემბერში მიზანმიმართულად ჩაუშვა ღუზა ზღვის ფსკერზე და რამდენიმე საათის განმავლობაში, ზღვაში ჩაშვებული ღუზით მოძრაობდა იმისათვის, რომ წყალქვეშა კაბელები დაეზიანებინა. დაზიანებული ელექტროკაბელი ერთმანეთთან აკავშირებდა ფინეთსა და ესტონეთს. დაზიანდა ასევე ოთხი ინტერნეტკაბელი.
კაბელების დაზიანების შემდეგ, ფინეთმა ტანკერი დააკავა. ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები იყვნენ, ქვეყნის დატოვება აეკრძალათ. თავდაპირველად ეჭვმიტანილი იყო ეკიპაჟის 9 წევრი, თუმცა მოგვიანებით მათი რიცხვი სამამდე შემცირდა და ახლა გამოძიება დავით ვადაჭკორიასა და მისი 2 თანაშემწის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
პროკურატურის თქმით, რომ არა ფინეთის ხელისუფლების ჩარევა, გემი, რომელიც კუკის კუნძულებზეა რეგისტრირებული, კიდევ უფრო დიდ ზიანს გამოიწვევდა. Eagle S-ით მიყენებული ზარალმა დაახლოებით 60 მილიონ ევრო შეადგინა. ბრალდებულების ადვოკატების თქმით, ეს არა განზრახი ქმედება, არამედ “საზღვაო ინციდენტი” იყო.
ფოტოზე: კაპიტანი დავით ვადაჭკორია