სასამართლომ ანტიკორუფციულს “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” წევრების ანგარიშებზე დაშვება მისცა

ანტიკორუფციული ბიურო ამჯერად დაინტერესდა “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” ფინანსური ინფორმაციით. მოძრაობის ცნობით, სასამართლომ რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს გაერთიანების 1 წევრის ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მისცა.
როგორც სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებებისთვის გაგზავნილ წერილში, ამ შემთხვევაშიც, ანტიკორუფციული ბიურო მოძრაობას “გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტად” მოიხსენიებს და ანგარიშებზე წვდომას სწორედ ამ საფუძვლით ითხოვს.
“2 ოქტომბერს, ანტიკორუფციული ბიუროსგან მივიღეთ წერილი, რომლითაც შევიტყვეთ, რომ სასამართლომ ბიუროს მისცა ნებართვა, მოიპოვოს მოძრაობისა და მისი საორგანიზაციო ჯგუფის თორმეტივე წევრის სრული ფინანსური ინფორმაცია, რაც ემსახურება კონტროლის დამყარებას ამ ადამიანების პირად სივრცეზე.

ამ ნაბიჯით სახელმწიფო ცდილობს, მოძრაობაზე გაავრცელოს პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი მთელი რიგი საკანონმდებლო შეზღუდვები და მოგვაქციოს იმ სპეციალური რეგულირების ქვეშ, რაც საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებს ეხებათ. ამის მიუხედავად, ბიუროს სასამართლოსთვის არ წარუდგენია არც ერთი მტკიცებულება მოძრაობის საარჩევნო პროცესში მონაწილეობის შესახებ.

რა თქმა უნდა, ბიუროსთვისაც და სასამართლოსთვისაც ცნობილი იყო, რომ მოძრაობა არ არის პარტია, შესაბამისად არ მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში და აბსურდულია მასზე იმ კანონმდებლობის გავრცელება, რომელიც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის არსებობს.

ჩვენთვის ცხადია, რომ მოძრაობად რეგისტრაციის შეფერხების, ჩვენი ათეულობით წევრის ადმინისტრაციული დაჯარიმების, რამდენიმე სისხლისსამართლებრივი საქმის, პროპაგანდისტული არხებით ჩვენი წევრების ფოტოებისა და საცხოვრებელი მისამართების გამოქვეყნების შემდეგ, ეს არის მოძრაობის საქმიანობის შეფერხების მორიგი უხეში მცდელობა, რაც ანტიკორუფციული ბიუროსა და სასამართლოს ხელით სრულდება. ამის მიზანია, ადამიანები ჩამოაშოროს საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობას, მოქალაქეთა ნებისმიერი ორგანიზება დათრგუნოს და კონტროლს დაუქვემდებაროს. ჩვენი მოძრაობის სულისკვეთება კი ისაა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ეთქმოდეს სიტყვა თავისი ქვეყნის ბედის განსაზღვრაში, პარტიული ფორმა ექნება ამას თუ არა. ჩვენი გაერთიანება, რომელიც 160-ზე მეტი ადამიანის ერთობასა და დემოკრატიულ გადაწყვეტილებებზე დგას, აგრძელებს საქმიანობას მოძრაობის ფორმით. მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნაც, არა ანტიკორუფციული ბიუროს, არამედ წევრთა საერთო კრების გადასაწყვეტია”, – წერია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.