წალენჯიხაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი ქვეითს დაეჯახა და მიიმალა, ის დააკავეს – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა მანქანას, რა დროსაც ქვეითს დაეჯახა, შემდეგ კი მიიმალა. ინციდენტი 1-ელ ოქტომბერს, წალენჯიხაში მოხდა.
“1 ოქტომბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ასისტენტი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამავე სოფელში გამავალ საავტომობილო გზაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას მართავდა, რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა და ქვეითს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო. ავტომობილის მძღოლმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისას მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევით. ასევე, სსკ-ის 128-ე მუხლით, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.