საქართველოში სოციალური ინოვაციების და მეწარმეობის პროგრამას UPSHIFT-ს UNICEF-თან პარტნიორობით BTU განახორციელებს

გაეროს ბავშვთა ფონდმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სოციალური ინოვაციების და მეწარმეობის პროგრამა (UPSHIFT) საქართველოში დაიწყო. ინიციატივის მიზანია 14–18 წლის ახალგაზრდების აღჭურვა უნარებითა და ცოდნით, რათა მათ ინოვაციისა და მეწარმეობის გზით გადაჭრან ადგილობრივი პრობლემები. პროექტი ხორციელდება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ახალციხეში.
პროგრამა ეფუძნება გლობალურად აღიარებულ მეთოდოლოგიას, რომლის მთავარი სტრატეგია ადამიანის საჭიროებათა განსაზღვრა, გააზრება და მათზე დაყრდნობით კრეატიული და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავებაა. პროგრამა აერთიანებს ტრენინგს, მენტორობასა და პროექტების განვითარებას, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირება და ინოვაციური, საზოგადოებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება. საპილოტე ფაზაში პროგრამა მოიცავს 80 ახალგაზრდას — თითო ქალაქში 20 ახალგაზრდას — რომლებიც მიიღებენ პრაქტიკულ ტრენინგს სოციალური ინოვაციების, მეწარმეობისა და ბავშვთა უფლებების მიმართულებით. პროგრამით დაინტერესებულთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.
პროგრამა ასევე დაეხმარება ადგილობრივ მენტორებსა და ტრენერებს დააკვირდნენ ტრენინგებს და სამუშაო პროცესს, რაც ხელს შეუწყობს ფასილიტატორების გუნდის ჩამოყალიბებას მომავალი პროგრამებისთვის. საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესი, აკადემიური წრეები და სახელმწიფო სტრუქტურები, ჩაერთვებიან მიზნობრივ სამუშაო შეხვედრებში, რათა შეიქმნას ხელსაყრელი გარემო ახალგაზრდების ინიციატივებისათვის.
„UPSHIFT მხოლოდ პროგრამა არ არის — ეს მოძრაობაა, რომელიც აძლიერებს ახალგაზრდებს, რომ გახდნენ ცვლილებების აქტიური მამოძრავებელი ძალა საკუთარ საზოგადოებაში. ახალგაზრდების ინოვაციური და ლიდერული უნარებით აღჭურვით, ჩვენ ვდებთ ინვესტიციას უფრო ინკლუზიურ, მდგრად და უფლებებზე დაფუძნებულ მომავალში საქართველოსთვის,“ – განაცხადა იესპერ მოლერმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ამაყობს, რომ მხარს უჭერს UPSHIFT ინიციატივას და ეს სრულად შეესაბამება ჩვენს მისიას — ახალგაზრდებში ინოვაციისა და მეწარმეობის ხელშეწყობას. აკადემიური ხარისხისა და რეალური გავლენის შერწყმით, ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდებს, რომ იდეები გარდაქმნან ისეთ გადაწყვეტილებებად, რომლებიც მათ საზოგადოებებს სარგებელს მოუტანს,“ – აღნიშნა ნინო ენუქიძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა.
ინიციატივა ითანამშრომლებს ბავშვთა უფლებების ცენტრებთან ს, ზუგდიდისა და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ეს ცენტრები გახდებიან ტრენინგებისა და ახალგაზრდების ჩართულობის ჰაბები, რაც უზრუნველყოფს, პროგრამა შეესაბამებოდეს ბავშვთა დაცვის ეროვნულ სტანდარტებს და იყოს ინკლუზიური.
უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს უზრუნველსაყოფად, ყველა მენტორი, ტრენერი და პარტნიორი გაივლის სავალდებულო ტრენინგს ბავშვთა დაცვის საკითხებზე და ბავშვთა უფლებებზე, რაც შეესაბამება გაეროს ბავშვთა ფონდის პოლიტიკას ბავშვთა დაცვისა და ეთიკური პროგრამირების შესახებ.
სოციალური ინოვაციების და მეწარმეობის პროგრამა UPSHIFT მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდებისთვის უფრო ინკლუზიური და ინოვაციური მომავლის შექმნას. ახალგაზრდებში ინვესტირებით დღეს, პროგრამა საფუძველს უყრის მომავალში საზოგადოების მდგრად განვითარებას.
UPSHIFT არის ახალგაზრდების სოციალური ინოვაციების პროგრამა. იგი აერთიანებს წამყვან მიდგომებს ახალგაზრდებისა და მოზარდების განვითარებაში და კერძო სექტორის საუკეთესო პრაქტიკას (ადამიანზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები), რათა გააძლიეროს ახალგაზრდები, თავად გამოავლინონ და შეიმუშაონ მეწარმეობრივი გადაწყვეტილებები და უპასუხონ თავიანთი თემების გამოწვევებს.
ახალგაზრდები იძენენ როგორც ცხოვრებისეულ, ასევე დასაქმებისთვის საჭირო უნარებს. UPSHIFT დადებით ზეგავლენას ახდენს ფართო საზოგადოებაზე იმ პროდუქტებისა და სერვისების არაპირდაპირი სარგებლის გზით, რომლებიც ახალგაზრდებმა შეიმუშავეს. გარდა ამისა, ეს ხელს უწყობს ახალგაზრდების აღქმას პოზიტიური ცვლილებების აგენტებად.
(R)