4 ოქტომბრის მასშტაბურ აქციამდე 1 დღით ადრე ირაკლი კობახიძე მოქალაქეებს ციხით ემუქრება და ამბობს:
როგორც მოგეხსენებათ, რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა ხვალ დააანონსეს მიტინგი, რომლის გაცხადებული მიზანია, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება. ამ მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აიღეს ან/და მის გაცხადებულ მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და რამდენიმე შედარებით მცირე პოლიტიკურმა პარტიამ. გარდა ამისა, მიტინგსა და მის მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს მთელმა რიგმა რადიკალურმა და ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა და დაჯგუფებებმა, რომელთა უდიდესი ნაწილი უცხოური წყაროებიდან ფინანსდება. თავისთავად ცხადია, რომ მიტინგის მიზანი არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ მცდელობასაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს.
შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელთ შარშან განხორციელებული ძალადობრივი აქტების გამო 2-დან 4.5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს. აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პასუხისგებაში მიეცა ერთ-ერთი პირი, რომელმაც საარჩევნო უბნების დარბევის მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ყველას მინდა შევახსენო, რომ ამ კატეგორიის დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება საჯარო განცხადებებს, ეს განცხადებები უკვე თავისთავად არის არაკონსტიტუციური, გულისხმობს არაკონსტიტუციური მიზნის მიღწევის მცდელობას თავისი შინაარსით. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს მრავალი ოპერატიული ინფორმაცია. თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება ჩვენი დიდი სიურპრიზი. ეს სიურპრიზი დახვდებათ მათ კანონის ფარგლებში, მაგრამ, კანონი მათ მიმართ იმოქმედებს ძალიან მკაცრად.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვა გაერთიანებას, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, ქმედითად გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა. ყველას მინდა შევახსენო, რომ დღეს საქართველო, მისი კონსტიტუციური სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული, როგორც არასდროს. აქედან გამომდინარე, არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რომლისგანაც ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრეს პასუხს მიიღებს.
