ირაკლი კუპრაძე – ჩვენი გზავნილი როგორ უნდა მოვიქცეთ 4 ოქტომბერს, შემდეგია: დილით არჩევნებზე, საღამოს პროტესტის მხარდაჭერა! – თუ თბილისში ყველა ოპოზიციურად განწყობილი არჩევნებზე მივა, კახა კალაძე პირველივე ტურში დამარცხდება

ჩვენი გზავნილი თუ როგორ უნდა მოვიქცეთ 4 ოქტომბერს, შემდეგია: – დილით არჩევნებზე, საღამოს პროტესტის მხარდაჭერა! – თუ თბილისში ყველა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი არჩევნებზე მივა, ს პირველივე ტურში დამარცხდება, თუ ყველა ოპოზიციონერი არჩევნებზე არ მივა, მაგრამ საკმარისი რაოდენობა მივა, კალაძეს მეორე ტურში წვალება მოუწევს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოსა” და პარტია „გახარია საქართველოსთვის” თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კუპრაძის აზრით, აუცილებელია მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს არჩევნებისთვის 15 წუთი გამოყონ და ერთის მხრივ, ცვლილებას დაუჭირონ მხარი, მეორეს მხრივ კი, ივანიშვილის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია გამოხატონ.
კუპრაძის თქმით, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ს წინააღმდეგ იბრძვის ყველგან – იბრძვის როგორც საპროტესტო აქციებზე, ასევე არჩევნების გზით.
„თბილისში „ქართული ოცნების“ რეიტინგი ძალიან, ძალიან დაბალია – შეიძლება ითქვას, რომ 10-დან 8-9 ადამიანი, რომელიც ქუჩაში გვხვდება, ამბობს, რომ არის გაბრაზებული, საუბრობს სოციალურ პრობლემებზე, უსამართლობაზე, უკანონობაზე, ახსენებს პოლიტიკურ პატიმრებს და ასე შემდეგ. ეს არის მოცემულობა, რომელიც სოციოლოგიური კვლევებითაც დასტურდება. ობიექტური სოციოლოგიურ კვლევებში ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ თბილისში 23%-იანი რეიტინგი აქვს. ეს 23% დგას საჯარო მოხელეებზე, სახელმწიფო უწყებებზე, საკრებულოებსა და სამინისტროებზე. „ქართულმა ოცნებამ“, მათ შორის კორუფციონერმა კახა კალაძემ საჯარო უწყებების წარმომადგენლების დაშინება შეძლო. ეს შეძლო მათ შორის დემონსტრაციულად გაგდებული, გათავისუფლებული საჯარო მოხელეების გათვალისწინებით. მოცემულობა ძალიან ნათელია – ერთ მხარეს დგას 23%-იანი “ქართული ოცნება“ და საპირისპირო მხარეს დგას თბილისის 70%, რომელსაც ცვლილება უნდა. ერთადერთი რაც ცვლილებასთან გვაშორებს არის ის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არჩევნებზე, საარჩევნო უბნებზე მივიდნენ.
მოქალაქეების უმრავლესობა არჩევნებზე წასვლას აპირებს. მათ შორის ამას აპირებს იმ პარტიების ამომრჩეველთა საკმაო ნაწილი, რომელიც პარტიულად ბოიკოტს უჭერს მხარს. ბოიკოტი თავისი შინაარსით არის შეცდომა, რადგან ბოიკოტის პირობებში გვაქვს შედეგი, სადაც ბიძინა ივანიშვილი მთელი საქართველოს მასშტაბით ძალაუფლების გამყარებას ახერხებს – ყველა ქალაქის მერები, საკრებულოები 100%-ით ივანიშვილის ხელში გადავა.
თუ ოპოზიციონერი ხარ, თუ გინდა, რომ ივანიშვილი ან დაამარცხო ან მინიმუმ დააზიანო და ძალაუფლების ნაწილი მაინც წაგლიჯო ხელიდან, მაშინ შენი არჩევანი უნდა იყოს, რომ ჯერ არჩევნებზე წახვიდე და ამის შემდეგ საპროტესტო წინააღმდეგობას შეუერთდე.
ჩვენ ყველაზე პასუხისმგებლობიანი სტრატეგიით გამოვირჩევით და ვამბობთ, რომ ბრძოლის ეს ველიც გამოვიყენოთ და გამოვიყენოთ საპროტესტო შესაძლებლობებიც. თუ ივანიშვილის დამარცხება გინდა, ეს გზა არის სტრატეგიულად სწორი!
დედაქალაქში დამარცხებით ივანიშვილი მთელი საქართველოს მასშტაბით უდიდეს დასაყრდენს დაკარგავს. თუ თქვენ არჩევნებზე არ წახვალთ, ამით მას ეხმარები – ერთია, რომ ვერ იმარჯვებ და მეორე, ხელისუფლებას არც შეცდომებს აშვებინებ. არჩევნებზე თქვენი არ მისვლით პროპორციულად კახა კალაძის მხარდაჭერა იზრდება“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
კუპრაძემ ამავე კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მოქალაქეები არჩევნების გზით ცვლილებაზე პასუხისმგებლობას მოიხსნიან, შესაბამისი პასუხისმგებლობა პარტიებს, მათ შორის ბოიკოტის მომხრე პარტიებს და მოქალაქეებს ერთად ექნებათ გასანაწილებელი.
კუპრაძემ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა.
„ერთ მხარეს არის ბრძოლა და პრინციპი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ხოლო მეორე მხარეს სტრატეგიული შეცდომა, რომელსაც ბოიკოტი ჰქვია. როცა ავტორიტარს ებრძვი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სქემატურად უდგება და ებრძვის, სტრატეგიული შეცდომა არ უნდა დაუშვა. დარწმუნებული ვარ გეგმები – იქნება ეს პროპაგანდა თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ სპეცოპერაცია, იგეგმება არა „ქართული ოცნების“ ოფისში, არამედ ФСБ-სა და „გრუ“-ში და შემდეგ დავალებად „ქართული ოცნების“ ოფისებში მოდის. საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ წარმოუდგენელი ოპერაცია რუსულ სტილში ხორციელდება“, – განაცხადა კუპრაძემ.
კუპრაძის ინფორმაციით, „ლელო – ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბრის აქციაზეც იქნება.
„ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეები ანტიქართული „ოცნების“ წინააღმდეგ იკრიბება.
4 ოქტომბრის პროტესტი აუცილებლად უნდა იყოს მშვიდობიანი. მშვიდობიანობა განსაზღვრულია იმით, თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება, ანტიქართული „ოცნება“ მოქალაქეების წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, არ ვიცით, როგორია კონკრეტული გეგმა, პაატა ბურჭულაძის გარდა ვინ არის პასუხისმგებელი პროცესებზე, თუმცა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ იქ სადაც ჩვენი მოქალაქეები დგას და რუსულ რეჟიმს აპროტესტებს, იქ სადაც ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებას ითხოვენ, სადაც მთავარი გზავნილია – ბიძინა წადი, ჩვენ ყველა მსგავსს პროტესტს მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.