ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა დაჭრა – მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს – 2004 წელს დაბადებულ მ.ხ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.