ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

ისტორიაში მეორედ და ზედიზედ – ვიქტორ სანიკიძის საკალათბურთო აკადემიის გუნდი დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია. დავით ნოზაძის, ნიკა ბიწკინაშვილისა და ალექსანდრე ნოზაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა სატიტულო მატჩში “ქუთაისი 2010” დაამარცხეს და დუდუს თასი შეინარჩუნეს. წინა სეზონში ვსა-მ ფინალური მატჩი აწ უკვე “ა” ლიგაში დაქვეითებულ “ამრას” მოუგო, დღეს კი სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი, წლეულს ზედიზედ მეორედ ევროთასზე მოასპარეზე “ქუთაისი” დაამარცხა.
ქუთაისელებს 4 ყოჩაღი ლეგიონერიდან ერთი გამორჩეულად გამრჯე – მარქუს გილსონი აკლდათ, თუმცა თამაშის უდიდესი ნაწილი და ვიდრე ბოლო წუთებმა არ მოატანა, თავს კომფორტულად გრძნობდნენ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი იმერული კლუბი თავიდანვე რომ დაწინაურდა, ხან ბევრით და ხან მცირედით, ვიდრე დასრულებამდე 3 წუთი არ დარჩა, ლიდერობდა. ქუთაისელები წინ იყვნენ 14 ქულით, თუმცა ვსა სტაბილურად და დისციპლინის დაცვით უკან მისდევდა. დიდი შესვენებისთვის სხვაობამ 12 ქულა შეადგინა.
რომელი გუნდიც იგებს მე-3 პერიოდს, ის იგებს თამაშს – რა თქმა უნდა, ეს გამონათქვამი სულ არ ამართლებს, თუმცა არის მასში საკმაო დოზით ჭეშმარიტება. ვსა-მ თავისი თამაში მაინც მოახვია მეტოქეს, რაც ერთის სწრაფი თამაშის, მეორეს მხრივ, ქუთაისელთა გადაღლის ბრალი იყო. მესამე ათწუთეული ვსა-მ 25:18 მოიგო და მთავარი ბრძოლა ბოლო პერიოდისთვის გაჩაღდა.
ტურნირის მომავალი MVP – ლუკა კალატოზიშვილი სამწამიანში ტოლს არ უდებდა გაცილებით ტანმაღალ ოპონენტს, ჯავიონ ოგუნიემის, პერიმეტრზე კი ორ ამერიკელს – დემარი კინგს და ტერენს ჰარქამს მხარს კარგად უბამდა ლუკა ლიკლიკაძე. როცა ჰარქამი 5 პერსონალურით თამაშიდან გავარდა, ლიკლიკაძემ საბოლოოდ გადაიბარა გამთამაშებლის ფუნქციები. თამაშის დასრულებამდე 3 წუთზე ოდნავ მეტი იყო, როცა ვსა პირველად – 69:68 დაწინაურდა და ქუთაისელებმა ლიდერობა უმალ დაიბრუნეს.
ბოლო წუთი ახალი დაწყებული იყო, როცა 71:73 ჩამორჩენილი ვსა-ს გამთამაშებელმა, ლუკა ლიკლიკაძემ 2-ქულიანი ჯარიმის თანხლებით ჩააგდო და ბონუს ქულის მითვლის შემდეგ აკადემიელები 74:73 დააწინაურა. საკვანძო შეტევა ვსა-მ წარმატებით მოიგერია – ტაირი ბოიკინის აცილებული ბურთი ქუთაისელებს არ დაანებეს და ტაქტიკური ჯარიმები ვსა-მ ქულებად აქცია. ეს კი გამარჯვებას ნიშნავდა – 77:73 საბოლოო ანგარიში – ვსა დუდუ დადიანის მემორიალის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულია.
ტურნირის MVP, ლუკა კალატოზიშვილი, რომელმაც შეხვედრა 19 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა, სუპერლიგის დირექტორმა, კობა კობიაშვილმა დააჯილდოვა. გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ლევან გოგიჩაიშვილმა, რომელმაც 12 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ვსა-ს კაპიტანს, ანზორ ნადირაძეს საჩემპიონო თასი დუდუ დადიანის ძმისშვილებმა – სანდრომ და ნიტამ გადასცეს.
GBF
“ქუთაისი” საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
თასის გათამაშების 2 ოთხთა ფინალისტი ცნობილია: ვსა და “ქუთაისი”
თასის მეოთხედფინალში იმერული კლუბები – “ქუთაისი” და “ზესტაფონიც” შევიდნენ