„სჯობს, ბიზნესი პესიმისტური სცენარისთვის იყოს მზად“ – რატომ გაუარესდა სამშენებლო სექტორში მოლოდინები? (bm.ge)
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის შეფასებით, „ყოველთვის სჯობს, ბიზნესი პესიმისტური სცენარისთვის იყოს მზად“. ამ მიდგომით ხსნის ბესო ორთოიძე BAG-ინდექსის მესამე კვარტალის შედეგებს, რომლის თანახმად, მშენებლობის სექტორში მომდევნო 6 თვის მოლოდინები გაუარესებულია, მიუხედავად იმისა, რომ დარგში მიმდინარე მდგომარეობას დადებითად აფასებენ.
BAG ინდექსის თანახმად, მშენებლობის სექტორში, 2025 წლის III კვარტალში, II კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუმჯობესებულია 21.8 ქულით და 40 ქულამდეა გაზრდილი, თუმცა როცა კომპანიებს ჰკითხეს, როგორი მოლოდინი აქვთ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, აღმოჩნდა, რომ სექტორში 16.4 ქულითაა მოლოდინები გაუარესებული და 20 ქულა შეადგინა. შედეგად, მესამე კვარტალში მშენებლობის სექტორში ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი 20.1 ქულითაა გაუარესებული და 29.8 ქულა შეადგინა, თუმცა ოდნავ გაუმჯობესებულია მეორე კვარტალთან შედარებით – წინა კვარტალში ქულა 27.1 იყო.
აღსანიშნავია, რომ „არსი“ BAG-ის წევრია და შესაბამისად, ბიზნეს-კლიმატის შეფასების კვლევაშიც იყო ჩართული.
– BAG-ინდექსის კითხვარის შევსებაში მეც მივიღე მონაწილეობა, როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრმა კომპანია. ბუნებრივია, რომ მიმდინარე მდგომარეობის შეფასებისას, ბიზნესში ვაფასებთ იმ მომენტში არსებულ პარამეტრებს – უძრავ ქონებაში ტრანზაქციების რაოდენობას და ვხედავთ, მოთხოვნიდან გამომდინარე, რეალიზაცია როგორი იყო გასულ კვარტალებთან შედარებით. რაც შეეხება მომავალს, ალბათ მივეჩვიეთ, რომ რაღაცნაირად ყოველთვის მზადყოფნა გვქონდეს უარყოფითი მომავლისთვის… ასე იყო მიმდინარე წლის დასაწყისშიც – როცა წლიურ გეგმას ვადგენდით, ჩვენც და პარტნიორებიც [პესიმისტურად] იყვნენ განწყობილები.
– რაც ბუნებრივი იყო, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე…
– დიახ, სიტუაცია იყო ისეთი, მაგრამ არ გამართლდა, ხომ?! საერთოდ, ყოველთვის სჯობს, ბიზნესი პესიმისტური სცენარისთვის იყოს მზად, ვიდრე ოპტიმისტური გეგმები დაისახო, მით უმეტეს ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც ხშირია, არასტაბილურობა, რყევები.
– მაინც რა არის მთავარი მიზეზი, რატომაც სამშენებლო სექტორში მომდევნო 6 თვის მოლოდინები არის გაუარესებული?
– როგორც უკვე აღვნიშნე, წლის დასაწყისში მოლოდინები გაცილებით უარყოფითი იყო, რაც შემდეგ ცალსახად შეიცვალა…
– მით უმეტეს, რადგან ბიზნესის ნეგატიური მოლოდინები არ გამართლდა, ახლა მიმდინარე მდგომარეობას დადებითად აფასებთ, რატომ გაქვთ ნეგატიური მოლოდინები?
– სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ისეთი უარყოფითი მოლოდინი არაა სექტორში, როგორც წლის დასაწყისში გვქონდა, თუმცა გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ბიზნესში ყოველთვის სჯობს, პესიმისტური მოლოდინები გვქონდეს, ვიდრე – ოპტიმისტური. მით უმეტეს, ვიცით, რომ არჩევნებია, პოლიტიკური ფონია და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს [ბიზნესზე]…
– კარგია, რომ ბიზნესის მოლოდინები არ გამართლდა და პოლიტიკურ კრიზისს ეკონომიკური კრიზისი არ დაემატა, თუმცა BAG-ის ბიზნესკლიმატის მაჩვენებლებს რამდენიმეწლიან პერიოდში თუ შევაფასებთ, ვნახავთ, რომ „რუსული კანონის“ პირველად ინიციირების პერიოდიდან, ქვეყანაში, ბიზნესკლიმატი, ძირითადად, უარესდება… ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ბიზნესის მოლოდინებზე ახდენს, ხომ გავლენას?
– მესმის. რა თქმა უნდა, მოლოდინებზე ეს ახდენს გავლენას… სამშენებლო სფერო იქნება თუ სხვა სფერო, პოლიტიკური არასტაბილურობა გავლენას ახდენს, ხომ?! ვინც არ უნდა თქვას და ვისაც რა აზრი არ უნდა ჰქონდეს, არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია გვაქვს, ხომ?! მე, პირადად, ხშირად დამიფიქსირებია მოსაზრება [პოლიტიკურ სიტუაციაზე]. რაც შეეხება ბიზნესში არსებულ პარამეტრებს, ის გამომდინარეობს იქიდან, რომ საკმაოდ მყარი მოთხოვნა უძრავი ქონებაზე – უძრავი ქონება ისევ მომხიბვლელია საინვესტიციოდ, იზრდება ურბანიზაციის მაჩვენებელიც, რაც მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს; ასევე, ოჯახების ზომა მცირდება, რაც დამატებით ეხმარება ბინების გაყიდვას. შესაბამისად, სამშენებლო-დეველოპერულ ბიზნესში სტატისტიკური მაჩვენებლები, შესაძლებელია, არ ასახავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაში არის, მაგრამ ასეთი მოცემულობა გაგვაჩნია… ბოლო ორი წელი ერთმანეთს იმით ჰგავს, რომ 2022-2023 წლებში ფასების სწრაფი ზრდის შემდეგ, ზრდა დასტაბილურდა 7%-10%-ის ფარგლებში, რაც ნორმალურია, რადგან მყისიერი ზრდა არც კომპანიებისთვის და არც ბაზრის მდგრადობისთვის მომხიბვლელი არ იყო.
წყარო: bm.ge
