ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის შეხვედრაზე გამოსვლისას, 2 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს უპასუხებს, თუ ევროპის მილიტარიზაცია მოხდება. მან აღნიშნა, რომ მილიტარიზაციის პროცესი დაჩქარდა.
„მაგალითად, გერმანია ამბობს, რომ გერმანიის არმია კვლავ უნდა იყოს ყველაზე ძლიერი ევროპაში. ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ, გვესმის, რას გულისხმობენ ისინი. ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსეთის პასუხი „არ დააყოვნებს“, – თქვა პუტინმა და ხაზი გაუსვა, რომ საფრთხეზე პასუხი „ძალიან დამაჯერებელი იქნება“.
„ზუსტად პასუხი. ჩვენ თვითონ არასდროს დაგვიწყია სამხედრო დაპირისპირება“, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა, რომლის არმიაც ოთხი წელია ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გაგრძელებაში ევროპის ქვეყნები არიან დამნაშავე.
„სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებების შეჩერება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა არა უმრავლესობას, არამედ უმცირესობას, პირველ რიგში ევროპას ეკისრება, რომელიც მუდმივად ესკალაციას უწევს კონფლიქტს“, – აღნიშნა პუტინმა.
„გაერთიანებული ევროპის მმართველი ელიტები ისტერიის გაჩაღებას არ წყვეტენ. გამოდის, რომ რუსებთან ომი პრაქტიკულად კარსაა მომდგარი; გაუთავებლად იმეორებენ ამ სისულელეს, ამ მანტრას“, – განაცხადა პუტინმა სოჭში.
მან თქვა, რომ რუსეთის არმია საუკეთესო საბრძოლო მზადყოფნაშია და ხაზი გაუსვა უკრაინაში რუსული დანაყოფების წინსვლას.
პუტინმა ახსენა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები და განაცხადა, რომ ვაშინგტონთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენა რუსეთის ინტერესებშია.
2025 წლის იანვარში ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, მას და პუტინს რამდენიმე სატელეფონო კონტაქტი და ერთი ოფიციალური პირისპირ შეხვედრა ჰქონდათ ალასკაში. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის უკრაინაში ომის სწრაფ დასრულებას ცდილობს და ამის მისაღწევად მას რუსეთთან კონტაქტის შენარჩუნება სჭირდება, რომლის პრეზიდენტთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. თუმცა, ბოლო დროს დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა თავისი დიდი იმედგაცრუება პუტინის მიმართ რუსეთის მიერ უკრაინის მიმდინარე დაბომბვის გამო. ამ კვირის დასაწყისში ტრამპმა რუსეთს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა. ფორუმზე პუტინმა ამ შენიშვნებს უპასუხა და აღნიშნა, რომ რუსეთი ბოლო წლებში არა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, არამედ პრაქტიკულად ნატოს ყველა ქვეყანას ებრძოდა. „ეს არის ქაღალდის ვეფხვია? მაშინ თავად ნატო რა არის?“ თქვა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინმა ახსენა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების შესაძლო მიწოდება და თქვა, რომ ეს ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსს არ შეცვლის, მათ ჩამოიგდებენ და მიწოდების ფაქტი კი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს დააზიანებს, განაცხადა პუტინმა ფორუმზე.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა სექტემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდების შესაძლებლობას განიხილავდა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
ფორუმი