ბერდია სიჭინავა – 4 ოქტომბრის პროტესტის მიზანი არა ხელისუფლების ცვლილება, არამედ ს ჩაშლაა – „ნაცმოძრაობაში“ ამბობენ: „ჩვენი პარტია რა შუაშია“, არ შეიძლება ერთ მომღერალს და მოსახლეობას აკიდო პასუხისმგებლობა

დღეს ვინც გეუბნებათ, არ მიხვიდეთ არჩევნებზე, პასუხისმგებლობას არ იღებს იმაზე, რა იქნება 5 ოქტომბერს და ისევ იმედგაცრუებულს დაგტოვებთ , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
ბერდია სიჭინავას თქმით, 4 ოქტომბრის პროცესზე პასუხისმგებლობას კონკრეტული ძალები არ იღებენ და „არ შეიძლება ერთ მომღერალს და მოსახლეობას აკიდო პასუხისმგებლობა“.
„იძახიან, რომ „ნაცმოძრაობა“ რა შუაშია. „ნაცმოძრაობის“ წევრზე ამბობენ, რომ “პასუხისმგებლობას არ ვიღებთ მის გაკეთებულ განცხადებებზე”. თუ ეს ადამიანები პასუხისმგებლობას არაფერზე იღებენ, პასუხისმგებლობას ხალხს ჰკიდებენ? 4 ოქტომბერს, ღმერთმა დაგვიფაროს, რამე ისეთი რომ მოხდეს, ისეთი სცენარით განვითარდეს, რამაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ძალიან ბევრი ხნით და მათ შორის ქვეყნის ევროპული მომავალიც, ამაზე ვინმე იღებს პასუხისმგებლობას? ან ხალხის იმედგაცრუებაზე ვინმე იღებს პასუხისმგებლობას? დღეს ხალხი არის იმედგაცრუებული და გაბრაზებული, მათ შორის ჩვენზეც, მეც ვიღებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე. რაღაც სწორად ვერ გავაკეთეთ პოლიტიკურად და რესურსებიც სრულად ვერ ჩავდეთ, რომ ადამიანებისთვის დაგვენახვებინა „ოცნებას“ საითკენ მიჰყავდა ეს ქვეყანა.
დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც მეორე მხარე გვეუბნება, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი, თქვენ თუ შეიკრიბებით, ყველაფერი ასე იქნება. მე ამაში ვერ ვხედავ კონკრეტული ძალების ან ადამიანების პასუხისმგებლობას. არ შეიძლება ერთ მომღერალს აკიდო პასუხისმგებლობა და დანარჩენ მოსახლეობას. ამბობენ, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტია არაფერ შუაშია, მაგრამ ამავდროულად მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ ოჯახებთან ერთად გავიდეთ. ეს როგორ შეიძლება, როცა იცი, როგორი ბრუტალური მეთოდები შეიძლება გამოიყენოს სპეცრაზმმა, რომელიც 3-4 თვის წინ ადამიანებს არბევდა… პროცესში, სადაც გეგმის გარეშე ისმის გაუგონარი მოწოდებები მშვიდობიან დამხობაზე, ჩვენი პარტია მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, არჩევნებზე მისვლა ყოველთვის სახელმწიფოებრივ საქმედ ითვლებოდა საქართველოში და დღეს „რატომღაც თავდაყირა ამოატრიალა ეს საქმე ოპოზიციის ნაწილმა“.
მისივე განცხადებით, ხელისუფლების ცვლილება კი არ არის ამ პროტესტის მიზანი, არამედ ს ჩაშლა.
„მაინც და მაინც 4 ოქტომბერს რატომ დაანონსდა აქცია? ხომ გინახავთ პოსტერები – „არ მიხვიდე არჩევნებზე, მოდი რუსთაველზე“ ანუ პირდაპირი ფორმით ეს პროტესტი, პროტესტსაც ვერ დავარქმევ, დაგეგმილი სცენარით მართული პროცესი, კაცმა არ იცის ვისი მხრიდან, პირდაპირი ფორმით დამიზნებულია არჩევნებზე და ადამიანებზე, ვისაც სურთ არჩევანის გაკეთება. ხელისუფლების ცვლილება კი არ არის ამ პროტესტის მიზანი, არჩევნების ჩაშლაა ამ პროტესტის მიზანი. რატომ არ ჩაატარეს მაგალითად 3 ან 5 ოქტომბერს? არჩევნების და არჩევნებში მონაწილე პარტიების წინააღმდეგ არის დამიზნებული მთელი ეს პროცესი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზვიად კუპრავას ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო დაკავებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა: “თავად „ნაციონალური მოძრაობა“ გაემიჯნა ზვიად კუპრავას და მამლის ყივილამდე სამჯერ უარყვეს“.