საქართველო სულ უფრო და უფრო შორდება აშშ-ს, ევროკავშირს და უფრო უახლოვდება ჩინეთს, ირანსა და აზერბაიჯანს. შესაბამისი განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფის სახელით გამოსვლისას ფრანკ შვაბემ გააკეთა.
მისი შეფასებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები „ძალიან სამწუხაროა“.
„რატომ? რადგან ეს 180 გრადუსით შეტრიალება იყო ძალიან კარგი გზიდან. ამაზე მხოლოდ PACE არ ლაპარაკობს. თუ შეხედავთ ეუთოს, მათ საქართველოსთან მიმართებაში ვენას მექანიზმი აამოქმედეს. თუ შეხედავთ 2024 წლის დემოკრატიის ინდექსს, დავინახავთ მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის სწრაფ და უდიდეს უკუსვლას.
ამიტომ არჩევნებზე ფართომასშტაბიანი დარღვევების შემდეგ იანვარში მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს ნაყოფიერ გზაზე დაბრუნებისკენ მოვუწოდეთ. მათ კითხვები დავუსვით, რათა დაბრუნებულიყვნენ პასუხის გასაცემად, მაგრამ მათ გადაწყვიტეს არ დაბრუნებულიყვნენ. საპირისპირო მოხდა ბოლო თვეებში – ვხედავთ კანონებში შემზღუდველ ცვლილებებს, მზარდ დევნას, დემონსტრანტების დრაკონულ დასჯას.
და ვხედავთ თითქმის ყველა მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრებას, და ისინი ამას ჩვენთან წერილებში გამოხატავენ, სხვები კი დევნაში არიან…
ეს სულ უფრო და უფრო არასწორი მიმართულებით მიდის – აშშ-სგან, ევროკავშირისგან შორს, და უფრო ახლოს ჩინეთთან, ირანთან და აზერბაიჯანთან. ასე რომ, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, დაუბრუნდნენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ევროპულ გზას”, – განაცხადა შვაბემ.
