4 ოქტომბერს ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამ ყველაფერში არის ისიც, რომ შეიძლება არაფერი მოხდეს, – ამის შესახებ მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მამამ, „ანტიკრიზისული პლატფორმის“ წევრმა, ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა.
როგორც ზურაბ ცეცხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, თუ 4 ოქტომბერს პროტესტმა შედეგს ვერ მიაღწია, არ არის გამორიცხული, რომ გრძელვადიანი პროტესტის პროცესი დაიწყოს.
„შესაძლებელია არაფერიც არ მოხდეს, არ დაიხიოს უკან ხელისუფლებამ, რადგან მივედით 200 000 კაცი, ვერ მივედით ნახევარი მილიონი, დაგვიპირისპირეს ძალა და წავიდა ისეთი ამბავი, რომ ვერ მივაღწიეთ შედეგს. რუსული რეჟიმია, ხისტია, ჯიუტია და უტიფარია და არ ანებებს თავს ამ ქვეყანას და მიდის ბოლომდე, მაშინ ამ დროს გამორიცხული არ არის გრძელვადიანი ბრძოლის პროცესში ჩავდგეთ. კარგი ფორმულაა 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ“, მაგრამ 5 ოქტომბერი გვაქვს, 6 ოქტომბერი გვაქვს“, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.
ზურაბ ცეცხლაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, შეიქმნება ტექნიკური მთავრობა, ასევე აღდგება ლეგიტიმური ხელისუფლება, უზენაესი საბჭოს სახით და ასევე იმუშავებს ანტიკრიზისული პლატფორმა.
„4 ოქტომბერს თუ ხალხის აურაცხელი რაოდენობა გამოვა, ამ ხელისუფლებას შევცვლით. გააჩნია ხალხის რა რაოდენობა იქნება რუსთაველზე გამოსული. თუმცა მაინც და მაინც ამაზე გათვალა არ გვაქვს, რომ ნახევარი მილიონი ადამიანი მოვა, 100-150 ათასი მოვა, მაგრამ თუ ნახევარი მილიონი გამოვა, ჩათვალეთ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია ისე, რომ ხელისუფლება შეიცვლება.
ჩვენ გვექნება მოცემულობა, რომ 4 ოქტომბერს თუ შევცვალეთ ხელისუფლება, იქნება ტექნიკური მთავრობა და იქნება ლეგიტიმური ხელისუფლება[უზენაესი საბჭო], რომელიც აღდგა, არის ასევე ანტიკრიზისული პლატფორმა და ამ დროს, ამ პროცესში რა როლი აქვს პროტესტს და ადამიანებს, რომლებიც აქამდე იდგნენ ქუჩაში, ამ საკითხზე იქნება დისკუსია. დარწმუნებული ვარ, არც პაატა [ბურჭულაძე], დასახელებული ტექნიკური მთავრობა მოეწონება ყველას და ლეგიტიმური მთავრობა რომ აღდგა, ბევრს შეიძლება სერიოზულად არ მიაჩნდეს.
მე ზურაბ ცეცხლაძე, ზვიადისტი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, თანავუგრძნობ ამ პროცესს და დადებით მოვლენად მიმაჩნია ამ მომენტში იმიტომ, რომ დღეს აბსოლუტური ლეგიტიმაცია არავის არ აქვს ქვეყანაში. არის ძალაუფლების მქონე ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს, აპირებენ ტექნიკური მთავრობის დასახელებას, რომელსაც მაღალი ხარისხის ლეგიტიმაცია შეძლება არ ჰქონდეს და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს უზენაესი საბჭო“, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.
