საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაცია კვლავ სექტორში არსებულ არაჯანსაღ კონკურენციაზე საუბრობს.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე ამბობს, არარეზიდენტმა პირებმა საქართველოში არა მხოლოდ თვითონ დაიწყეს ავტომობილების ჩამოყვანა და ვაჭრობა ქართველი დილერების გვერდის ავლით, არამედ – ახლა უკვე, საქართველოში საკუთარი ავტობაზრობები და ავტომომსახურების ცენტრებიც კი გახსნეს.
ნონიაძის შეფასებით, ამის გამო, ბევრი ქართველი დილერი იძულება გახდა, ამ ბიზნესიდან გასულიყო. „ვვარაუდობთ, რომ უცხოელი დილერები საქართველოში საქმიანობისთვის არანაირ გადასახადებს არ იხდიან, რის გამოც დემპინგური ფასებით ვაჭრობენ. ამ პრობლემებზე ჩვენი ასოციაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან და იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო უწყება აქტიურად ჩაერთვება ქართველი დილერების დახმარების საქმეში“, – განმარტა ალექსი ნონიაძემ.
მისივე განმარტებით, აქ უმეტესად საუბარია ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ამ ბიზნესში არიან ჩართულები და არა მსხვილ, ადგილობრივ კომპანიებზე, რადგან მათთვის უცხოელ დილერები ნაკლებ დაბრკოლებას წარმოადგენენ.
რაც შეეხება საქართველოში ავტომობილების ექსპორტ-იმპორტის დინამიკას, ორივე მიმართულებით ზრდა შეინიშნება. საქსტატის ბოლო მონაცემებით, კერძოდ, 2025 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, ექსპორტში წამყვან პოზიციას კვლავ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს 1.7 მილიარდი დოლარით, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით მანქანები კვლავ ყირგიზეთსა და ყაზახეთში იყიდება. ავტომობილების იმპორტში კი, თითქმის, 10%-იანი მატება ფიქსირდება. იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ქვეყანამ დაახლოებით ორ-ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი შეიძინა.
ცნობისთვის, საქართველოს ავტოპარკი წლიდან წლამდე მზარდია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მილიონ 900 ათასამდე ავტომობილია რეგისტრირებული.
