შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში მეამბოხეთა ობიექტები დაბომბეს

ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ოპერაცია დაიწყეს იემენში, მეამბოხე ჰუთების წინააღმდეგ. ირანის მიერ მხარდაჭერილი ეს დაჯგუფება, რომელიც იემენის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებს, 2023 წლის ნოემბრიდან, რაკეტებით და დრონებით წითელ ზღვაში თავს ესხმის სავაჭრო გემებს.
ამერიკულმა და ბრიტანულმა სამხედრო გემებმა და ავიაციამ მეამბოხეთა ობიექტებზე დარტყმები გასულ ღამით დაიწყეს. მედიასაშუალებები ამერიკულ და ბრიტანულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ სამიზნეებია ჰუთების სამხედრო ბაზები და უპილოტო საფრენი აპარატების, რაკეტების და სხვა იარაღის საწყობები.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დარტყმები არის პირდაპირი პასუხი წითელ ზღვაში გემებზე უპრეცედენტო თავდასხმების სერიაზე, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ამერიკელ სამხედროებს, სავაჭრო გემების მეზღვაურებს და უსაფრთხო ნაოსნობას და ვაჭრობას. ბაიდენის თანახმად, წითელ ზღვაში მეამბოხეთა 27 თავდასხმის შედეგად დაზარალდა 50-ზე მეტი ქვეყანა. პრეზიდენტ ს განცხადებით, და მისი პარტნიორები არ დაუშვებენ, რომ საფრთხის ქვეშ იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ იემენში მეამბოხეთა პოზიციებზე დარტყმები თავდაცვაა, რადგან ბოლო თვეებში მათ არაერთი საშიში და დესტაბილიზაციის გამომწვევი შეტევა განახორციელეს წითელ ზღვაში და საფრთხე შეუქმნეს ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების გემებს. ბრიტანეთის და შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმები განახორციელეს ავსტრალიის, კანადის, ნიდერლანდის და ბაჰრეინის მხარდაჭერით.
პასუხად ჰუთების წარმომადგენელმა, გენერალმა აბდუსალამმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ შეტევებს არ შეწყვეტენ, სანამ ამერიკელებს და ბრიტანელებს რეგიონს არ დაატოვებინებენ.
იემენელი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ.
პირველი თავდასხმა 19 ნოემბერს მოხდა იაპონურ გემ Galaxy Leader-ზე. მას შემდეგ მეამბოხეებმა რაკეტებით და დრონებით კიდევ 25-ზე მეტი შეტევა განახორციელეს სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებზე. არაერთი თავდასხმა მოიგერიეს აშშ-ის და მისი პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო გემებმა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ჰამასის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.
2023 წლის დეკემბერში აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ წითელ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმების გახშირების გამო, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იწყებს მრავალეროვნულ ოპერაციას, სახელწოდებით Prosperity Guardian-ი.
წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია.
თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას