ჯეიმს მაკკლირი: ვაგრძელებ მოწოდებას, ბრიტანეთმა დაასანქციროს ივანიშვილი და მისი გარემოცვა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრის ჯეიმს მაკკლირის შეფასებით, საქართველო ავტორიტარიზმში ეშვება – ამ კონტექსტში, ის დიდი ბრიტანეთის მხრიდან ს სანქცირების მნიშვნელობაზე საუბრობს.
ფორმულასთან საუბრისას მან თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციებს დიდი გავლენა ექნება ბიძინა ივანიშვილზე, რადგან ის გაერთიანებულ სამეფოში დიდ ქონებას ფლობს. ის აღნიშნავს, რომ აგრძელებენ მუშაობას, ზეწოლას მთავრობაზე და იმედი აქვს, რომ ამ კუთხით, უახლოეს მომავალში კარგი ახალი ამბები იქნება.
ის ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა გაათავისუფლოს ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტი, სხვები და ამის შემდეგ – “არგუმენტებით დაარწმუნონ ხალხი, რომ ისინი იმსახურებენ ხელისუფლებაში ყოფნას”.
“მდგომარეობა უარესდება. შემაშფოთებელია ჟურნალისტის, ოპოზიციის ლიდერების დაკავება ძალიან ყალბი ბრალდებებით. მე ამ საკითხზე პოზიცია პარლამენტში არაერთხელ დავაფიქსირე, შემომიერთდნენ კოლეგებიც. ჩვენ ვუყურებთ როგორ ეშვება საქართველო ავტორიტარიზმში. ვაგრძელებ მოწოდებას, რომ დიდმა ბრიტანეთმა დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი და მისი ახლო გარემოცვა.
მე არაერთხელ ვთქვი, რომ ერთადერთი რაც იმუშავებს არის ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ბიძინა ივანიშვილი ჯერ სანქცირებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, იმისათვის, რომ მას პასუხისმგებლობა დავაკისროთ. მისი მსგავსი ინდივიდები არიან სწორედ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულები სხვა ქვეყნებში. ვიცით, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციას დიდი გავლენა ექნება მასზე, რადგან ის ჩვენთან დიდ ქონებას ფლობს. ვაგრძელებთ მუშაობას, ზეწოლას მთავრობაზე და დიდი იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში იქნება კარგი ახალი ამბები ამ კუთხით.
სანამ ხალხს არ ექნება საშუალება, რომ მივიდნენ საარჩევნო ყუთთან და მონაწილეობა მიიღონ სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებში, რომელიც იქნება შესაბამისი მონიტორინგის ქვეშ, მანამდე ქართული ოცნების რეჟიმად შეფასება არის სწორი ფორმულირება. ეს არის ტერმინი, რომლითაც ახასიათებენ მთავრობას, რომელიც არალეგიტიმურია. არ სიამოვნებთ ეს შეფასება? მისცენ ხალხს საშუალება საარჩევნო ყუთთან, თავისუფლად დააფიქსირონ პოზიცია, გაათავისუფლონ ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტი, სხვები და ამის შემდეგ არგუმენტებით დაარწმუნონ ხალხი, რომ ისინი იმსახურებენ ხელისუფლებაში ყოფნას”, – ამბობს ჯეიმს მაკკლირი.